Thumbnail
  • ბევრი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ ორი ბორუსიას თამაში გარიგებული იყო
  • გლადბახმა ტაიმებში 6-6 გოლი გაიტანა, თუმცა, ჩემპიონობა მაინც კიოლნს დარჩა

42 წლის წინ, 1978 წლის აპრილში გერმანულ ბუნდესლიგაში შედგა მატჩი, რომელსაც მიონხენგლადბახის ბორუსიას ფანები დღემდე სიამაყით იხსენებენ, დორტმუნდის ბორუსიას ქომაგებს კი მასზე საუბარიც არ სურთ.

ბუნდესლიგის 1977-78 წლების სეზონი იმ პერიოდზე მოდის, როდესაც დღევანდელი გრანდები – დორტმუნდი და მიუნხენის ბაიერნი რიგითი გუნდები იყვნენ. პირველმა ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა, მეორემ კი – მეთორმეტეზე.

აი, პირველობისთვის კი, კიოლნი და გლადბახი იბრძოდნენ, რომელსაც ზურგს ზედიზედ 3 ტიტული უმაგრებდა.

ბოლო ტურამდე მეტოქეები 46-46 ქულით მივიდნენ. განსხვავება მხოლოდ ბურთების სხვაობაში იყო: კიოლნს +40 ჰქონდა, ბორუსიას კი მხოლოდ +30.

ამასთან ერთად, კიოლნელებს დასკვნითი შეხვედრა აშკარა აუტსაიდერ და უკვე მე-2 ბუნდესლიგაში გავარდნილ ზანკტ პაულისთან ელოდათ და მათ გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა.

ამის გათვალისწინებით, გლადბახელებს დორტმუნდელებთან მატჩში მინიმუმ 12 ბურთით მოგება სჭირდებოდაც, რაც ძნელი წარმოსადგენი გახლდათ.

გლადბახის სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ მათი საშინაო არენის რეკონსტრუქციის გამო, შეხვედრის ჩატარება დიუსელდორფის რაინშტადიონზე მოუხდათ, სადაც 38 000 ქომაგი შეიკრიბა.

იუპ ჰაინკესი მორიგ გოლს ზეიმობს. სულ მან 5 ბურთი გაიტანა

ფორმალური მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. პირველივე შეტევაში თავი იუპ ჰაინკესმა გამოიჩინა, რომელიც იმ დროისთვის უკვე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და ბუნდესლიგის 4-გზის გამარჯვებული იყო.

მე-12 წუთზე იუპმა დუბლი გაიფორმა, 60 წამის თავზე კი, დორტმუნდელთა მეკარეს ბადიდან ბურთი უკვე მესამედ გამოჰქონდა.

შესვენებისთვის ტაბლოზე უკვე 6:0 ენთო, გასახდელში ჩასული გლადბახელები კი იმის გარკვევაში იყვნენ, რა ხდებოდა პარალელურად მიმდინარე მატჩში.

აღმოჩნდა, რომ კიოლნი მხოლოდ მინიმალური უპირატესობით იგებდა, ამდენად, ჩემპიონობისთვის კიდევ მინიმუმ 6 გოლის გატანა იყო საჭირო.

უდო ლატეკის გუნდმა იერიშები კიდევ უფრო გააძლიერა და სასურველი შედეგიც მიიღო: 77-ე წუთზე ჰაინკესმა პენტა-ტრიკი (5 გოლი) შეასრულა, კარსტენ ნილსენმა და კარლ დელჰაიემ (ევროპის ჩემპიონი, გერმანიის 5-გზის ჩემპიონი) – დუბლები მიითვალეს, კიდევ ერთი გოლი კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა და ბუნდესლიგის 5-გზის გამარჯვებულმა ჰერბერტ ვიმერმა შეაგდო.

რჩებოდა 2 შედეგიანი დარტყმა, რომელიც გულშემატკივრებმა თამაშის ბოლოსკენ იხილეს: 87-ე წუთზე ევალდ ლინენმა გაიტანა, ხოლო 90-ეზე – გერმანიის სამგზის ჩემპიონმა კრისტიან კულიკმა.

შედეგად, ფოტო, რომელიც სტატიის თავშია გამოტანილი, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად იქცა.

📺 გლადბახი 12:0 დორტმუნდი (1978 წლის 29 აპრილი)

სხვა საქმეა, რომ ამ საოცარი ანგარიშის მიუხედავად, გლადბახმა ზედიზედ მე-4 ტიტული ვერ მოიპოვა, რადგანაც კიოლნმა ზანკტ პაულისთან მატჩი 5:0 მოიგო. ამგვარად, ბურთების სხვაობა ასე დაჯდა: კიოლნი +45, გლადბახი +42.

იმის დასტურად, რომ აღნიშნული გუნდები იმ სეზონში მართლაც შეუჩერებლები იყვნენ, ერთ ფაქტსაც მოვიყვანთ: როგორც კიოლნმა, ასევე გლადბახმა 86 გოლი გაიტანეს, ამ მხრივ მე-3 ადგილზე გასულ გუნდს კი 65 გოლი ჰქონდა.

იმდროინდელი დორტმუნდის ბორუსიას მთავარი მწვრთნელი 40 წლის ოტო რეჰაგელი იყო, რომელსაც მაშინ ზურგს არანაირი წარმატება არ უმაგრებდა.

ოტომ პირველი ტიტული მხოლოდ 2 წლის შემდეგ მოიპოვა, როდესაც დიუსელდორფის ფორტუნასთან ერთად გერმანიის თასი მოიგო, იმ დროისთვის კი, ორ წელზე მეტხანს ვერცერთ გუნდში ჩერდებოდა.

ოტო რეჰაგელი მატჩის მე-2 დღესვე გაათავისუფლეს

გლადბახთან მატჩისთვის დორტმუნდის ძირითადი გოლკიპერი ჰორსტ ბერტრამი ახალი გამოჯანმრთელებული იყო, ამდენად, რეჰაგელმა შანსი მე-2 მეკარე პეტერ ენდრულატს მისცა.

ამ უკასკნელისთვის თამაში ნამდვილ კოშმარად იქცა. შესვენებაზე მწვრთნელმა მას ჰკითხა, მზად იყო თუ არა მატჩის გასაგრძელებლად და დადებითი პასუხი მიიღო.

მოგვიანებით, ენდრულატმა აღიარა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა: “ახლა, ვხვდები, რომ შესვენებაზე გამოცვლა უნდა მეთხოვა. დიდი ალბათობით, ბერტრამიც ექვს გოლს გაუშვებდა და შედეგი იგივე იქნებოდა, სამაგიეროდ, ბრალეულობა მხოლოდ ჩემზე არ იქნებოდა. არადა, ყველას ავიწყდება, რომ იმ თამაშში არაერთი სეივი შევასრულე და გუნდი უფრო დიდი ანგარიშით მარცხისგან ვიხსენი”.

აღსანიშნავია, რომ ენდრულატისთვის ის მატჩი ბუნდესლიგაში ბოლო აღმოჩნდა. მასთან კონტრაქტი არ გააგრძელეს და მომდევნო 3 სეზონი ნაკლებადცნობილ ტენის-ბორუსიაში გაატარა, კარიერა კი 27 წლის ასაკში დაასრულა.

საინტერესო კადრი: 9:0-ზე უდო ლატეკი ფეხბურთელებს აჩვენებს, რომ კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდებათ

თამაშის მიმდინარეობისას კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. ანგარიში 0:8 იყო, როდესაც რეჰაგელმა გახურება და მინდორზე შესვლა ზიგფრიდ ჰელდს სთხოვა, თუმცა, ფორვარდმა უარი განაცხადა.

“მწვრთნელო, მართლა გგონიათ, რომ მე რაიმეს შეცვლა შემიძლია?” – უთხრა მან რეჰაგელს.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ მწვრთნელი მატჩის მომდევნო დღეს გაათავისუფლეს.

“ალბათ, გესმით, როგორი ბედნიერები ვიყავით, როდესაც მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა. ამ კატასტროფის შემდეგ სახლში სწორედ რეჰაგელთან ერთად წავედი. მან გზაშივე მითხრა, რომ შემდეგი დღიდან ახალი მწვრთნელი გვეყოლებოდა. მან იცოდა, რაც მოხდებოდა. ის ამბავი ოტოს ბრალი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა კი, კარგად ესმოდა, რომ გუნდს სახე უნდა შეენარჩუნებინა და ჯოხი მასზე გადატყდებოდა” , - ეს სიტყვები იმდროინდელი ბორუსიას კაპიტანს მანფრედ ბურგსმიულერს ეკუთვნის.

კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ჯარიმა (თითოეულს 2.5 ათასი მარკა) დააკისრა, გერმანულ პრესაში კი, რეჰაგელი მასხრად აიგდეს და მას ტორჰაგელი შეარქვეს. ცხადია, საქმე სიტყვების თამაშთან გვქონდა, რადგანაც გერმანულში Tor გოლს ნიშნავს, Hagel კი – სეტყვას.

გლადბახის ლეგენდა ჰერბერტ ვიმერისთვის ის მატჩი ბუნდესლიგაში ბოლო აღმოჩნდა. მან განაცხადა, რომ ტიტულის გარეშე დარჩენა სულაც არ სწყენია: “12:0 მოგების შემდეგ, ჩემპიონობა რომ გაგვეფორმებინა, ეს, ბევრ სპეკულაციას გააჩენდა და ჩემი სახელიც შეიბღალებოდა”.

ჰერბერტ ვიმერს ტიტულის გარეშე დარჩენა სულაც არ სწყენია

ცხადია, ეჭვი, რომ თამაში გარიგებული იყო, მაინც გაჩნდა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, კონკრეტული ვერაფერი გაარკვია.

“გვერდიდან რომ შეგეხედათ, აუცილებლად იფიქრებდით, რომ მატჩი გარიგებული იყო, თუმცა, ეს, ასე არ ყოფილა. უბრალოდ, მეტოქემ რამდენჯერაც დაარტყა, იმდენჯერ გაიტანა. რაღაც მომენტში ჩვენც დავნებდით და... ეს სირცხვილი წლების განმავლობაში ჩვენი თანამდევი იყო” – ნათქვამი აქვს დორტმუნდელთა მცველ ამანდ ტაისს.

თამაშთან მწარე მოგონებები აკავშირებს დორტმუნდის კიდევ ერთ უკახანაზელ ლოთარ ჰუბერს: “მახსოვს, იმ მატჩის შემდეგ პარკში ვვარჯიშობდით და ყველა დაგვცინოდა. ისიც კი მკითხეს, 12 გოლის გაშვებისთვის რა თანხა ავიღეთ”.

საინტერესოა ისიც, რომ კიოლნში ჩასული ზანკტ პაულის ქომაგები გუნდის ბუნდესლიგიდან გავარდნას შეგუებულები იყვნენ და მორიგი მარცხიც დიდად არ სწყენიათ.

მეტიც, თამაშის დასრულების შემდეგ, მათ ჩემპიონობა კიოლნელებთან ერთად იზეიმეს. ამ გუნდების ფანებს შორის მეგობრობა სწორედ ამ ამბიდან იღებს სათავეს.

კიდევ რამდენიმე ფაქტი

📌 პენტა-ტრიკის წყალობით, ჰაინკესს სეზონში 18 გოლი მოუგროვდა, თუმცა, ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მე-6 ადგილზე გავიდა. ყველაზე მეტი – 24-24 ბურთი კიოლნელმა დიტერ მიულერმა და ბაიერნელმა გერდ მიულერმა შეაგდეს.

📌 ჰაინკესმა კარიერა მომდევნო წელს (1979) დაასრულა და გლადბახის ბორუსიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლატეკი შეცვალა. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი სამუშაოდ დორტმუნდში გადაბარგდა.

📌 კიოლნმა გერმანიის ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა. მაშინ ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ ეს, გუნდის ბოლო წარმატება იქნებოდა.

📌 გლადბახისა და დორტმუნდის დაუვიწყარი მატჩიდან 42 წელი გავიდა, თუმცა, ის დღემდე რჩება იმ თამაშად, სადაც ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება დაფიქსირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები