Thumbnail

'მაშინვე დავთანხმდი!' - გიგა ჭიკაძეს UFC 249-ში მონაწილეობა შესთავაზეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიგა ჭიკაძეს UFC 249-ში მონაწილეობა შესთავაზეს
  • ქართველი მებრძოლი თანახმაა და ახლა პასუხს და მეტოქეს ელოდებ
  • პოპსპორტი მას ლოს ანჯელესში დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა
  • ჭიკაძემ პრესტიჟული ორგანიზაციის ეგიდით ორი ბრძოლა ჩაატარა და ორივე მოიგო

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი სპორტული ღონისძიება გაუქმდა, UFC-ის ირგანიზატორები დანებებას არ აპირებენ. 18 აპრილს, UFC 249 უნდა გაიმართოს, ადგილი კი ჯერ ისევ უცნობია. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ამ დღეს, შესაძლოა UFC-ში მორიგი ბრძოლა გამართოს გიგა ჭიკაძემ. ქართველ მებრძოლს პრესტიჟული ორგანიზაციის ეგიდით უკვე ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული და ორივე მოგებული. გიგა ჭიკაძემ UFC-სგან შეთავაზება მოულოდნელად მიიღო, დანარჩენს კი ინტერვიუდან შეიტყობთ. გიგამ პოპსპორტის კითხვებს უპასუხა.

popsport: პირველ რიგში, უფრო დეტალურად გვითხარი: როდის დაგიკავშირდნენ UFC-დან და კონკრეტულად რა შემოთავაზება მიიღე?

გიგა ჭიკაძე: ჩემი მენეჯერი დამიკავშირდა და მკითხა, ვარ თუ არა მზად 18 აპრილს ბრძოლის გასამართათ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. UFC-ში დაინტერესდნენ, ვარ თუ არა ფორმაში, რაზეც, რა თქმა უნდა, განვაცხადე თანხმობა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ პერიოდში ბრძოლის გამართვა, რადგან მთელი მსოფლიოს ყურადღება UFC-სკენ იქნება მიპყრობილი. იმედია, შედგება ჩემი ბრძოლა. სწორედ ამიტომ დავთანხმდი 70 კილოგრამში ბრძოლას - მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წონა 5 კილოთი ნაკლებია. ეს არის ხელსაყრელი მომენტი, რომ თავი წარმოვაჩინო. 

☯️ UFC-დან დამიკავშირდნენ და მკითხეს თუ შევძლებ ბრძოლას 18 აპრილს 70kg (Lightweight) კატეგორიაში 🙃 P.S. რა თქმა უნდა: I said YES! 😅 #NoAprillFools

Posted by GIGA CHIKADZE on ხუთშაბათი, 02 აპრილი, 2020

popsport: მეტოქე თუ არის ცნობილი?

ჭიკაძე: პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ბრძოლა ოფიციალურად ჯერ არ დანიშნულა. იყო შემოთააზება ჩემთან, რაზეც თანხმობა ვთქვი და ველოდები პოტენციური მეტოქის პასუხს. თუ ისიც დათანხმდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ბრძოლა დანიშნულია. ვიცი, ვისგან ველოდები პასუხს და ვინ არის ჩემი პოტენციური მეტოქე, თუმცა გვარს ვერ გავამხელ. შესაძლოა, გულშემატკივრები თვითონ მიხვდნენ.

popsport: თუ ხარ ოპტიმალურ ფორმაში და როგორ ახერხებ ვარჯიშს ამ კრიზისულ პერიოდში?

ჭიკაძე: ვცდილობ, ყოველთვის ვივარჯიშო და ფორმაში ვიყო. რთული პერიოდია, თუმცა ამის გამო არ გავჩერებულვარ. ზოგჯერ დახურულ დარბაზში ვვარჯიშობ, ზოგჯერ პარკში, ან მეგობრის ფარეხში. ასე რომ, შემოთავაზება როცა მივიღე, არც დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი. 

გიგა ჭიკაძე UFC-ში მეორე ბრძოლის მოგების შემდეგ (ჯამალ ემერსის წინააღმდეგ).

popsport: რომელ ქალაქში ხარ, იცავ თუ არა არსებულ რეკომენდაციებს და ზოგადად, როგორ გრძნობ თავს ამ კრიზისულ პერიოდში?

ჭიკაძე: ლოს ანჯელესში ვარ, სადაც იწყება ის პანიკა, რაც ევროპასა და ნიუ იორკშია. როგორც ვატყობ, დაახლოებით ერთ კვირაში იმ რეალობაში აღმოვჩნდებით, რაშიც დღეს ევროპაა. ამაზე უფრო მეტს და საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. პირადად მე ვცდილობ, დავიცვა რეკომენდაციები, თუმცა ამავდროულად, ვივარჯიშო და ფორმა შევინარჩუნო. 

popsport: 18 აპრილს, ხაბიბ ნურმაგომედოვის და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა უნდა გამართულიყო, რომელიც გაუქმდა. მიზეზი ხაბიბია, რომელმაც მსოფლიო პანდემიის გამო ბრძოლაზე უარი თქვა. რას იტყვი ამ ფაქტზე?

ჭიკაძე: ამ კითხვაზე მოვერიდები პასუხის გაცემას, თუმცა ხაბიბის ადგილზე, მე ნამდვილად დავთანხმდებოდი ბრძოლას.

🚫 ხაბიბი ვერ ან არ ახერხებს ტონისთან ბრძოლის გამართვას. 🚫 ტონიმ ჯასტინ გაეჩეს არ ვეჩხუბებიო, ან ხაბიბი ჩამოვიდეს ან კონორიო. P.S. ეთანხმებით ტონის მოსაზრებას?

Posted by GIGA CHIKADZE on ოთხშაბათი, 01 აპრილი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები