Thumbnail

სრულიად საფეხბურთო სამყარო ბელარუსის პრემიერლიგას მისჩერებია. სულ ორიოდე თვის წინ ეს ფრაზა რომ წაგეკითხათ, იფიქრებდით, რომ უნიჭო ხუმრობას გადააწყდით, ანაც ფანტასტიკის სფეროში ვართ. სამწუხაროდ ეს რეალობაა.

რეალობაა ისიც, რომ თუ ფეხბურთის ყურება ძალიან გვინდა, ბელარუსული ფეხბურთის შიდა ამბებშიც ნელ-ნელა უნდა გავერკვეთ. უახლოესი კვირების (იმედია, თვეების არა) მანძილზე, შესაძლოა, იმაზე მოგვიწიოს ფიქრი, შეძლებს თუ არა, მაგალითად, მინსკის დინამო ბატეს ჰეგემონიის დასრულებას და არა იმაზე, თუ ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.

დამატებითი მოტივაციაც გვაქვს - ბელარუსის ლიგაში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. პოპსპორტი ყოველი ტურის წინ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების პრევიუს შემოგთავაზებთ.

შახტიორი სოლიგორსკი V ნემანი [4 აპრილი]

ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო მატჩი სოლიგორსკში გაიმართება - ლაშა შინდაგორიძის და გიორგი დიასამიძის შახტიორი გიორგი ქანთარიას ნემანს უმასპინძლებს. შახტიორი ფავორიტი იქნება. წლებია, ეს გუნდი ბელარუსში სტაბილურად მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. ბოლო 10 წელია შახტიორი მუდამ სამეულშია, 6-ჯერ კი სულაც მეორე ადგილი დაიკავა. ბატეს ეპოქამდე, ანუ სანამ ბატე ზედიზედ 13-ჯერ მოიგებდა ბელარუსის პირველობას, ჩემპიონიც სწორედ შახტიორი იყო.

წინა ტურში გიორგი ქანთარიამ გოლი გაიტანა

გასულ სეზონშიც გუნდს 30 თამაშში 65 ქულა ჰქონდა და განსაკუთრებით კარგად საკუთარ მოედანზე გამოიყურებოდა, სადაც 45 შესაძლებლობიდან 38 ქულა დააგროვა - საუკეთესო მაჩვენებელი ლიგაში. მით უფრო უცნაური იყო, რომ ამ სეზონის პირველივე თამაშში შახტიორი შინ მოულოდნელად დამარცხდა - ჟოდინოსთან 1:0. ამის შემდეგ, გასვლაზე შახტიორმა პირველი გამარჯვებაც მოიპოვა (თავი გიორგი დიასამიძემ გამოიჩინა) და ახლა ყველაფერს გააკეთებს, შინ ქულების დაგროვება რომ დაიწყოს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • შახტიორ სოლიგორსკი
  • X
  • ნემანი

შახტიორი გამტანი გუნდია, გასულ სეზონში საშინაო შეხვედრებში თამაშში საშუალოდ თითქმის 2.6 გოლი გაჰქონდა, ნემანს კი საერთოდაც 6:0 მოუგო.

ნემანმა თავის მხრივ პირველ ტურში გასვლაზე ისლოჩთან მინიმალური მარცხის შემდეგ, საკუთარ მოედანზე პირველი სამი ქულა დააგროვა - ვიტებსკთან 2:0 გამარჯვება. რაც ჩვენთვის ყველაზე სასიხარულია, გიორგი ქანთარიამ თავი გოლით გამოიჩინა.

ნემანი ბელარუსის კვალობაზე საშუალო გუნდია. გასულ სეზონში 16-გუნდიან პირველობაზე მე-9 ადგილზე გავიდა, სამეულში კი შორეული 2002 წლის შემდეგ არ ყოფილა. შახტიორთან კი ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან 9-ჯერ წააგო.

ბატე V რუხი [4 აპრილი]

ბატე ზედიზედ 13 წელი ბელარუსის ჩემპიონი იყო, სანამ გასულ სეზონში დინამო ბრესტმა ჩემპიონობა არ წაართვა. ეს ყველაზე დიდი დანაკლისი არ ყოფილა - კლუბმა დაკარგა მფლობელი, ანატოლი კაპსკი, რომელმაც ეს პროვინციული კლუბი, ფაქტობრივად, ნულიდან ააშენა.

ბატე ახალ ციკლს იწყებს და სტარტი რთული გამოუვიდა - პირველივე ორ შეხვედრაში ორი მოულოდნელი მარცხი განიცადა, თანაც ისე, რომ 5 გოლი გაუშვა. ბატეს 22-წლიან ისტორიაში ეს ყველაზე ცუდი სტარტია.

ორივე ეს მარცხი გასვლით შეხვედრებს მოჰყვა და პირველ საშინაო მატჩში ბატე ყველაფერს გააკეთებს, 3 ქულა რომ აიღოს. მეტოქეც შესაბამისი ჰყავს, უმაღლესი დივიზიონის ახალწვეული ბრესტის რუხი.

წარუმატებელ სტარტამდე, ბატემ ორი სათასო თამაში მოუგო დინამო მინსკს. ორივე შემთხვევაში გუნდებმა ბევრი გოლი გაიტანეს - 5:3 ბატეს სასარგებლოდ ორი თამაშის ჯამში.

ბატეს ორივე თამაში წაგებული აქვს - მოუგებს ბრესტის რუხს?

გასათვალისწინებელი ერთი ფაქტორია: რუხმა პირველ ტურში გასვლაზე, მოულოდნელად, უკვე დაამარცხა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი დინამო მინსკი (1:0). სენსაციურ გამარჯვებას რუხმა საშინაო მარცხი მიაყოლა მეორე ტურში, თუმცა დინამო მინსკთან წარმატება იმას ნიშნავს, რომ რუხთან თამაში იოლი გასეირნება არ უნდა იყოს.

მინსკი V ენერგეტიკი [5 აპრილი]

ორივე გუნდი ბელარუსული ფეხბურთის ლიდერებს შორის არასოდეს ყოფილა. მეტიც, ორივე ეს გუნდი დედაქალაქ მინსკს წარმოადგენს და ყოველთვის სხვა დედაქალაქური გუნდის, დინამოს ჩრდილში იყვნენ. ენერგეტიკის სტადიონი 1500 კაცს იტევს, მინსკის კი - 3000. ეს ციფრები ამ გუნდების მასშტაბზე სწორ წარმოდგენას შეგიქმნით.

ორივე ეს გუნდი გასულ სეზონში გასავარდ ზონასთან ახლოს ტრიალებდა, ენერგეტიკმა საერთოდაც მხოლოდ 3 ქულით გაასწრო გავარდნილ გუნდებს. უცნაური ის არის, რომ ორივე ამ გუნდმა ეს სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და პირველ ორ ტურში ორ-ორი გამარჯვებით ცხრილის სათავეში არიან. ენერგეტიკმა საერთოდაც ბატეს დამარცხება მოახერხა, მინსკმა კი - დინამო მინსკის.

მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მინსკის პირველ ორ თამაშში 9 გოლი გავიდა, შარშანდელ სეზონშიც ამ გუნდებმა უხვგოლიანი შეხვედრები ითამაშეს. მინსკში გასვლაზე ენერგეტიკმა 6:1 მოიგო, სახლში კი 3:3 ითამაშა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ენერგეტიკი
  • X
  • მინსკი

კომენტარები

ბოლო ამბები