Thumbnail

'სანამ ფეხბურთელი არ დაავადდება' - როდის გააჩერებენ ბელარუსის ჩემპიონატს

  • ერთადერთი ლიგა ევროპაში, სადაც პაუზას არ აცხადებენ, ბელარუსის პირველობაა
  • ბელარუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
  • ბელარუსის პრემიერლიგის კლუბებში ამჟამად 3 ქართველი ლეგიონერი გამოდის 
  • 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად

ბელარუსის ჩემპიონატი ევროპაში ერთადერთი საფეხბურთო ლიგაა, რომელზეც კორონავირუსის პანდემიას გავლენა არ მოუხდენია.

ქვეყნის პრემიერლიგაში, სადაც სამი ქართველი ლეგიონერი გამოდის - გიორგი დიასამიძე, ლაშა შინდაგორიძე (ორივე სოლიგორსკის შახტიორში) და გიორგი ქანთარია (გროდნოს ნემანში), ორი ტური უკვე ჩატარდა და ახლა მესამე ტურისთვის ემზადებიან. 

ნემანის ფანებმა უკვე გამოაცხადეს, რომ გუნდის მატჩებს აღარ დაესწრებიან

საიტ By.tribuna.com-ის ჟურნალისტმა დმიტრი რუტომ ისაუბრა იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ფაქტის მიმართ ბელარუსში მწვრთნელებს, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს. 

"სულ უფრო მეტი მწვრთნელი და გულშემატკივარი ამბობს, რომ აჯობებს, ასეთ რთულ ვითარებაში გაჩერდნენ, ვიდრე გარისკონ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც არ ეშინიათ. ფედერაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ ბაზანოვი იმეორებს, რომ საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა: ხელების დაბანა, ხალხის ჯგუფისგან გარიდება…

📋 მეტი ამ თემაზე:

რაც შეეხება ფეხბურთელებს, ისინი დასაქმებულები არიან და კონტრაქტის პირობებს იქამდე შეასრულებენ, სანამ მითითება ზემოდან არ იქნება. რა თქმა უნდა, ლეგიონერებს უფრო ეშინიათ დაავადების. 

ჩემპიონატის შეჩერებას ყოველდღე ველოდებით. ქვეყანაში კორონავირუსისგან უკვე ორი ლეტალური შემთხვევაა, 200-ზე მეტი კი ინფიცირებულია. მგონია, რომ სანამ რომელიმე მწვრთნელი ან ფეხბურთელი არ დაავადდება, არაფერს მოიმოქმედებენ", - ამბობს რუტო.

ბოლო ტურში გიორგი ქანთარია გატანილი გოლით გამოირჩა

ბელარუსის პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩები 3, 4 და 5 აპრილს არის დაგეგმილი. 4 აპრილს, გიორგი დიასამიძისა და ლაშა შინდაგორიძის გუნდი სოლიგორსკში გიორგი ქანთარიას ნემანს მასპინძლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები