Thumbnail

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა პაულო დიბალამ, რომელიც კორონავირუსით იყო დაავადებული, ავადმყოფობის პერიოდსა და იტალიაში ინფექციით გამოწვეულ ვითარებაზე ისაუბრა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინელთა 26 წლის არგენტინელი ფორვარდი და მისი მეგობარი გოგონა კორონავირუსით დაავადდნენ, 21 მარტს გავრცელდა. 

საშიში ინფექცია პაულოსა და ორიანასაც შეხვდათ

"არ დაგიმალავთ - ძალიან მეშინოდა. საბედნიეროდ, ახლა გაცილებით უკეთესად ვარ. ვარჯიშს ვაპირებდი, მაგრამ სულ რამდენიმე წუთის შემდეგ სუნთქვაც კი აღარ შემეძლო. მახველებდა, თავს სუსტად ვგრძნობდი და მაციებდა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ორგანიზმში რაღაც ისე ვერ იყო. ეს არ არის უბრალო ვირუსი. შინ დარჩენაა საჭირო. იტალიაში ვითარება რთულია, ბევრი ადამიანი კვდება", - აქვეყნებს არგენტინელი ფორვარდის ნათქვამს იტალიური მედია.

იტალიის ჩემპიონატი, როგორც ევროპის თითქმის ყველა ლიგა, შეჩერებულია. სერია A-ში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს იუვენტუსი 63 ქულით ლიდერობს. პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის 34 მატჩში 13 გოლი და 12 საგოლე პასი მიითვალა.

კორონავირუსის ინფექციამ პირველად გასული წლის ბოლოს, ჩინეთში იფეთქა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოცხადდა, სადღეისო მონაცემებით კი, ვირუსი მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და 850 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 41 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 176 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები