Thumbnail
  • ცენტრალური მცველი იუნაიტედს გასულ ზაფხულსაც უნდოდა
  • დე ლიხტი იუვენტუსს კარგად ვერ შეეწყო

მატეის დე ლიხტი გასულ სეზონში აიაქსის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ახალგაზრდა ჰოლანდიელის თამაში ევროპულ გრანდებს არ გამორჩენიათ და მისი შეძენით მალევე დაინტერესდნენ. ცენტრალური მცველის დამატევა მანჩესტერ იუნაიტედს, პარი სენ-ჟერმენს, ბარსელონასა და ტურინის იუვენტუსს სურდათ.

საბოლოოდ დე ლიხტმა იტალიური გრანდი აირჩია და 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ იუვეში აღმოჩნდა. 20 წლის ფეხბურთელის ტურინული კარიერა არც ისე კრგად დაიწყო. დე ლიხტი გუნდს ბოლომდე ვერ შეეწყო და შეცდომებსაც ხშირად უშვებს.

მატეისის დამატება განსაკუთრებით სურდა მანჩესტერ იუნაიტედს, რადგან ინგლისურ კლუბს დაცვაში პრობლემები ჰქონდა. ჰოლანდიელის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" უკანა ხაზში ჰარი მაგუაიერი და აარონ ვან-ბისაკა დაიმატეს.

ESPN-ის ინფორმაციით, იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს სურს, რომ მომავალ ზაფხულს კიდევ ერთი ცენტრალური მცველი დაიმატოს. სამიზნეთა სიაში კი კალიდუ კულიბალი და მატეის დე ლიხტია.

ჰოლანდიელი ტურინში კონტრაქტის მიხედვით 2024 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. იგი ხელფასის სახით კვირაში 210 000 ფუნტს იღებს. ნორვეგიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ დე ლიხტი მანჩესტერისთვის იდეალური მოთამაშეა თავისი ხასიათით, ასაკითა და სათამაშო სტილით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად იუვენტუსს პოლ პოგბას დაბრუნება სურს. მსგავს სიტუაციაში შესაძლებელია "ბებერი ქალბატონი" ფეხბურთელების გაცვლაზე დათანხმდეს და პოგბას ტრანსფერში დე ლიხტი ჩართოს. შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლაა, რაც შეთანხმებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

კომენტარები

ბოლო ამბები