Thumbnail

როდის დაბრუნდება ფეხბურთი? მადრიდის რეალს სეზონის განახლების არ სჯერა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მადრიდის რეალის წარმამადგენლებს აღარ სჯერათ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული 2019/20 წლების საფეხურთო სეზონი განახლდება.

ესპანური მედიის ცნობით. "სამეფო კლუბში" მიიჩნევენ, რომ ფეხბურთის თამაში მანამდე შეუძლებელი იქნება, სანამ მედიკოსები და მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ან ახალ, ეფექტურ წამალს არ შექმნიან.

რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი ფორმის შენარჩუნებას ინდივიდუალურად ცდილობს

თავის მხრივ, ლა ლიგის ხელმძღვანელობა სეზონის ჩამთავრების იმედს არ კარგავს.

იუწყებიან, რომ რეალში დიდად არც გუნდური წვრთნის პროცესის განახლების სურვილი აქვთ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კი უკვე მომავალ, 2020/21 წლების სეზონს გეგმავს.

როგორც ირკვევა, მადრიდულ კლუბში, განსხვავებით ბარსელონისგან, შექმნილი კრიზისის ფონზე, მოთამაშეებისა და პერსონალისთვის ხელფასების დაკლება არ იგეგმება. რეალში დარწმუნებულნი არიან, რომ რთულ ეკონომიკურ ვითარებასთან გამკლავებას მაინც მოახერხებენ.

მადრიდელები გუნდური წვრთნის პროცესის განახლებაზე არცკი ფიქრობენ

აღსანიშნავია, რომ რეალის საფეხბურთო გუნდში კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა მას შემდეგ, რაც "სამეფო კლუბის" ერთ-ერთ კალათბურთელს საშიში ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ყველა სპორტსმენი კარანტინში მოათავსეს. 

ესპანეთის ჩემპიონატში გასული 27 ტურის შემდეგ, ზინედინ ზიდანის გუნდს 56 ქულა აქვს და სულ 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბარსელონა. სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე სევილიაა (47).

კორონავირუსულმა ინფექციამ პირველად გასული წლის ბოლოს, ჩინეთში იფეთქა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოცხადდა, სადღეისო მონაცემებით კი, ვირუსი მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და 850 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 41 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 176 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები