Thumbnail

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბელარუსის ჩემპიონატი არ ჩერდება და ამჟამად ის ევროპაში მოქმედი ერთადერთი ტურნირია. ამ ფაქტით ბევრი გაკვირვებულია, ბევრიც შფოთავს, ზოგიც იცინის. სამაგიეროდ, ბელარუსის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციას იქაც კი ნახავთ, სადაც მანამდე მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო, ხოლო ტურნირს პირველ გვერდს ესპანური გამოცემა MARCA უთმობს.

📋 მეტი ამ თემაზე:

ბელარუსის ხელისუფლება ჩემპიონატის შეჩერებას არ ჩქარობს, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, ნემანის ფანებმა კი საფრთხე იგრძნეს და მიმართვა გაავრცელეს.

ნემანის ქართველი ლეგიონერი გიორგი ქანთარია ბოლო ტურში გოლით გამოირჩა

"ჩვენ, ნემანის გულშემატკივრებს, გვსურს ქვეყნის ყველა აქტიურ ქომაგს მივმართოთ. ვაცნობიერებთ, რომ გვატყუებენ და ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, უარს ვამბობთ ჩვენი გუნდის საშინაო თუ გასვლით მატჩებზე დასწრებაზე. ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება, ჩვენთვის რთულია გუნდის მხარდაჭერის გარეშე დატოვება, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა. მოდით, დავრჩეთ შინ, შევამციროთ კორონავირუსის გავრცელების რისკი, დავიცვათ საკუთარი თავი და ახლობლები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციასა (АБФФ) და მის ხელმძღვანელობას, ბოლოს და ბოლოს, შეაჩეროს ჩემპიონატი, როგორც ეს მთელ მსოფლიოში გააკეთეს".

ბელარუსის უმაღლესი ლიგაში ორი ტურია გამართული, ნემანს კი, რომლის ღირსებას 22 წლის გიორგი ქანთარია იცავს, თითო მოგება და მარცხი აქვს. მესამე ტურში, 4 აპრილს, გუნდი სტუმრად სოლიგორსკის შახტიორს ხვდება, რომლის ღირსებას გიორგი დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე იცავენ.

ნემანი-ვიტებსკის მატჩს ქართველებიც გულშემატკივრობდნენ

თავის მხრივ, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის თავჯდომარე ბლადიმირ ბაზანოვმა ჩემპიონატის გაგრძელების გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა:

"კრიტიკული ვითარება არ გვაქვს და ამიტომ ვაგრძელებთ ჩემპიონატს. მეორე ტურისთვის 500 ლიტრი ანტისეპტიკი შევისყიდეთ და სტადიონებზე გავანაწილეთ. მთავარია, ადამიანებს თვითონ ესმოდეთ, რომ ხელები უნდა დაიბანონ, გამოიყენონ ანტისეპტიკური საშუალებები და ავადმყოფებმა არ იარონ სტადიონებზე. ჩვენ არავინ მიგვითითებს - არც უეფა და არც ფიფა. თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას. არ ვამბობთ, რომ ბოლომდე ვითამაშებთ. თუკი კრიტიკული ვითარება იქნება, ტურნირსაც შევაჩერებთ", - ამბობს ბაზანოვი. 

31 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 820 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 40 ათასი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 170 ათასზე მეტი ადამიანი. ბელარუსში კორონავირუსის დიაგნოზი 152 ადამიანს დაუსვეს, 47 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები