Thumbnail

როგორც ჩანს, საქართველოსა და ბელარუსის ევრო პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩი არც ივნისის თვეში გაიმართება...

The Scotsman-მა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფების ივნისში გამართვის საკითხს სტატია მიუძღვნა. მოგეხსენებათ, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, 26-31 მარტს დაგეგმილი ევრო 2020-ის პლეი ოფი ივნისისთვის გადაიდო. 

ისევე, როგორც საქართველოს ნაკრები, რომელიც 4 ივნისს (სავარაუდოდ) ბელარუსის ნაკრებს უნდა შეხვდეს, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში შოტლანდიის ნაკრებიც მონაწილეობს, ბრიტანეთი კი კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი აქტიური კერაა.

"ტარტან არმისთვის" დღევანდელი დღე უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი - შოტლანდიის ნაკრები ან ოსლოში ან ბელგრადში იბრძოლებდა იმისთვის, რომ 22-წლიანი პაუზის შემდეგ დიდ საფეხბურთო ტურნირზე მოხვედრილიყო, მაგრამ კორონავირუსმა მარტის მატჩები ივნისისთვის გადადო", - წერს შოტლანდიური გამოცემა.

"მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2020 მომავალი წლისთვის გადაიდო, უეფა ჯერაც ამტკიცებს, რომ პლეი ოფი სულ რაღაც ორ თვეში უნდა ჩატარდეს. 4 და 9 ივნისი პლეი ოფის მატჩების სავარაუდო თარიღებია.

ეს მტკიცება, სულ მცირე არადამაჯერებელია. ჯერ ისიც არ გარკვეულა, როდის აღდგება შინაური პირველობები ფეხბურთში. შესაძლოა, ისინი საერთოდ ჩაიშალოს. სტივ კლარკმა, ან პლეი ოფში მონაწილე 16-ვე ნაკრების ნებისმიერმა მწვრთნელმა, რა უნდა გააკეთოს? როგორ შეკრიბოს უფეხბურთოდ დარჩენილი, ფორმიდან ამოვარდნილი ფეხბურთელები"?

შოტლანდიური ფეხბურთის გენერალური მდივანი იან მაქსველი ამბობს, რომ უეფას გათვლა ძალზე ოპტიმისტურია: "ეს კი არა, ივლისი, აგვისტო ან სექტემბერიც არარეალურ თარიღებად მიგვაჩნია. როგორ დავიჯეროთ, რომ ივნისის დასაწყისში თამაშს შევძლებთ, სულ მცირე, მაისში მაინც ხო უნდა განახლდეს სეზონი? ახლა მარტი სრულდება და ამ გადმოსახედიდან, ეს შეუძლებელია. მოთამაშეს ნაკრებში რომ იძახებ, ერთი მატჩი მაინც ხო უნდა ჰქონდეს ნათამაშები ბოლო სამ თვეში. ეს ყველაფერი არარეალურია".

შეგახსენებთ, რომ ახლახან მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უეფა 1-ელ აპრილს მორიგ ვიდეოკონფერენციას გამართავს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ევროპის ჩემპიოანტის პლეი ოფის შესახებაც იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია პლეი ოფის C გზიდან 4 ივნისს შინ ისრაელის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ფინალს 9 ივნისს გამართავს, მეტოქე ნორევეგიის ან სერბეთის ნაკრები იქნება. 

The Irish Sun ამტკიცებს, რომ ოთხშაბათს უეფა კიდევ ერთხელ გადადებს პლეი ოფს - სექტემბრისთვის ან ოქტომბრისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები