Thumbnail

ინგლისში ლივერპულის დაჯილდოება დაგეგმილი იყო - მერსისაიდელებს დაცდა მოუწევთ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპულს ჩემპიონობა 21 მარტს უნდა აღენიშნა
  • შესაძლოა, ინგლისურ კლუბს ტიტულის აღნიშვნა ცარიელ სტადიონზე მოუწიოს 

ლივერპული 30-წლიანი პაუზის შემდეგ ძალიან ახლოს იყო ინგლისის ჩემპიონობასთან, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო, პრემიერლიგა დროებით შეჩერდა.

The Mirror-ის ინფრომაციით, ინგლისში ლივერპულის საჩემპიონო დაჯილდოვება უკვე დაგეგმილი ჰქონდათ. იურგენ კლოპის გუნდს 2 შეხვედრის მოგება სჭირდებოდა, რათა უახლოესი მდევრისთვის მიუწვდომელი გამხდარიყო და ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე გაეფორმებინა.

იმ შემთხვევაში, თუ ლივერპული მერსისაიდულ დერბიში ევერტონს დაამარცხებდა და შემდეგ "ენფილდზე" კრისტალ პალასს მოუგებდა, ინგლისის ჩემპიონობას მოიპოვებდა. დაჯილდოების ცერემონიალიც, სწორედ ამ შეხვედრისთვის იყო დაგეგმილი, შაბათს 21 მარტს.

გარდა 'ენფილდზე' ტიტულის აღმართვისა, დაგეგმილი იყო ქალაქში გამარჯვების მსვლელობა. თუმცა ყველაფერი კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო. როგორც წესი, გამარჯვებულ გუნდს პრემიერლიგის თასი ჩემპიონატის ბოლო საშინაო შეხვედრაში გადაეცემა, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით, ლივერპული ტიტულს ნაადრევად აღმართავდა.

ასე იზეიმა ლივერპულმა შარშან ჩემპიონთა ლიგის მოგება ქალაქში

ლივერპული უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის 25 ქულით უსწრებს. პრემიერლიგის განახლება 30 აპრილს იგეგმება, თუმცა ინგლისში ამ კვირაში პრემიერლიგის ხელმძღვალენების შეხვედრაა დაგეგმილი და შესაძლოა, თარიღმა კიდევ გადაიწიოს.

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივნისის ბოლოს სეზონი არ განახლდება, შესაძლოა, ვეღარ გაგრძელდეს და ჩაშლილად გამოცხადდეს. არსებობს ჩემპიონატების განახლების კიდევ ერთი ვარიანტი - ცარიელ ტრიბუნებზე თამაში. თუ გადაწყდება, რომ მატჩები დახურულ კარს მიღმა გაიმართოს და ლივერპული მოახერხებს პრემიერლიგის მოგებას, ამ შემთხვევაში "მერსისაიდელებს" მოუწევთ, ნანატრი ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ აღნიშნონ.

კომენტარები

ბოლო ამბები