Thumbnail

უეფას ახალი ვიდეოკონფერენცია - იქნება ევროს პლეი ოფი ივნისში?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

Daily Mail-ის ინფორმაციით, უეფამ უკვე დაუგზავნა ევროპის 55-ვე ფედერაციას მიწვევა მორიგ ვიდეკონფერენციაზე, რომელიც ოთხშაბათს, 1-ელ აპრილს გაიმართება.

ვიდეოკონფერენციაზე მოისმენენ, 17 მარტს შექმნილი სამუშაო ჯგუფების მოხსნებებს კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის შესახებ. ვიდეოკონფერენციაზე განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს მიმდინარე სეზონი. ასევე ფეხბურთელთა კონტრაქტები და სატრანსფერო თარიღებზე ცვლილებებიც განხილვის თემაა. 

შესაძლოა, 2019/20 წლების სეზონი აგვისტოში დასრულდეს, შემდეგი სეზონი კი შემოკლებულ ვადებში გაიმართოს, რათა ევრო 2020-ის (რომელიც 2021 წელს გაიმართება) ჩატარებას ხელი არ შეეშალოს. უნდა იმსჯელონ, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის თარიღზეც, რაც უეფამ 17 მარტს დააანონსა - აპრილში განვიხილავთო. 

ამასთან, შოტლანდიის ნაკრების ფორვარდმა ჯონი რასელმა განაცხადა, რომ როცა ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო, არ არის საჩქარო ევროს პლეი ოფები მაინცდამაინც ივნისში ჩატარდეს. 

სამაგიეროდ, ირლანდიელი ნაილ ქვინი იმედოვნებს, რომ ევროს პლეი ოფების გამართვა ივნისში სავსებით შესაძლებელია. ქვინი მანჩესტერ სიტიში გიორგი ქინქლაძის გუნდელი იყო, ახლა ის ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, რომელსაც, სავარაუდოდ, 4 ივნისს საშინაო მატჩი ელის ბელარუსის ნაკრებთან, გამარჯვების შემთხვევაში კი - ფინალი (9 ივნისი). 

კომენტარები

ბოლო ამბები