Thumbnail

უარი ხელფასის 70%-ზე - ბარსელონას ფეხბურთელების ღირსეული საქციელი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბარსელონას ფეხბურთელები უარს ამბობენ ხელფასის 70%-ზე, რათა მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის დროს, კლუბს პრობლემები არ შეექმნას.

შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ესპანური გრანდის არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ბარსას მოთამაშეები თანხას კლუბის პერსონალს გადაურიცხავენ, რათა მათ ანაზღაურების მხრივ პრობლემები არ შეექმნათ.

“შეთანხმების მხრივ პრობლემა არ გვქონია. ყველანი ვხვდებით, რომ მსოფლიოში არაორდინალური სიტუაციაა შექმნილი და ნაბიჯებიც შესაბამისი უნდა გადაიდგას.

უცნაურია, რომ კლუბში ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ამ მხრივ გარკვეული ზეწოლის განხორციელებას ცდილობდნენ, არადა, გადაწყვეტილებ ისედაც მიღებული გვქონდა.

ამ განცხადების გაკეთება მცირედით იმიტომ დაგვიანდა, რომ ფინანსური კუთხით ყველა საკითხში ბოლომდე გარკვევას ვცდილობდით”.

მესის ინსტაგრამის გვერდზე განთავსებულ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი ჩავი, რომელმაც დაწერა:

“ყველა თქვენთაგანის მხრიდან ძალიან ღირსეული ნაბიჯია! გილოცავთ! როგორც ყოველთვის, ბარსა სამაგალითო კლუბად რჩება”.

შეგახსენებთ, რომ სხვა სპორტული ლიგების მსგავსად, ესპანური ლა ლიგაც გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული.

ამ დროისთვის, ქვეყანაში 85 195 ადამიანია ინფიცირებული, 7 340 კი გარდაიცვალა და ეს, იტალიის შემდეგ, უკვე მე-2 მაჩვენებელია.

მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 735 839-ს აღწევს, გარდაცვლილი კი 34 850 ადამიანია.

კომენტარები

ბოლო ამბები