Thumbnail

1995 წლის ნაკრები, რომელმაც ბულგარეთი დაამარცხა - სად არიან ახლა?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 1995 წელი | დინამო არენა | საქართველო 2:1 ბულგარეთი
  • 1:0 შ. არველაძე (1), 2:0 ქინქლაძე (47-პენ), 2:1 სტოიჩკოვი (87)

1994 წლის შემოდგომაზე, სოფიაში, ვასილი ლევსკიზე, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში მეორე ოფიციალური მატჩი ჩაატარა - ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ამერიკის მუნდიალის მეოთხეადგილოსან ბულგარეთთან სტუმრად, ემილ კოსტადინოვის დუბლით 0:2 დამარცხდა.

სოფიაში წაგებული მატჩიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, ბულგარელებს თბილისში ვუმასპინძლეთ და 40 000 ქომაგის თანდასწრებით, ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებით სავსე, უძლიერესი გუნდი - დიმიტარ პენევის ბულგარეთი დინამოზე - 2:1 დავამარცხეთ!

ჰრისტო სტოიჩკოვის, კოსტადინოვის და იორდან ლეჩკოვის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ 25 წელი გავიდა... ქვემოთ შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში მონაწილე ფეხბურთელები - სად არიან ახლა და რას აკეთებდნენ აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ...

ირაკლი ზოიძე

ირაკლი ზოიძემ თბილისის დინამოს შემადგენლობაში 11 სეზონი ითამაშა, სხვადასხვა დროს გამოდიოდა ქუთაისის ტორპედოს, იაფას მაკაბის და ვილნიუსის ჟალგირისის რიგებში. კარიერის დასრულების შემდეგ, კომერციულ საქმიანობას შეუდგა და დღესაც კერძო ბიზნესშია.

გიორგი ღუდუშაური

გიორგი ღუდუშაური სხვადასხვა დროს თამაშობდა თბილისის დინამოში, თბილისის ლოკომოტივში, გერმანულ ზალმრორში და მოსკოვის ტორპედოში. კარიერა 2004 წელს, თბილისის ამერში დაასრულა. 2015 წლის სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა როგორც მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი, ამჟამად მუშაობს ნავთობკომპანია 'სოკარში' ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.

დიმიტრი კუდინოვი

კუდინოვმა ფეხბურთი თითქმის 30 წელი ითამაშა და 1981 წელს თბილისის დინამოში დაწყებული კარიერა 2007 წელს, მოსკოვთან ახლოს, ჟელეზნოდაროჟნიში დაასრულა. დღესაც მოსკოვში ცხოვრობს და ერთ-ერთი ადგილობრივი ბავშვთა გუნდის მწვრთნელია.

მურთაზ შელია

90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მცველი - მურთაზ შელია ვლადიკავკაზის ალანიას შემდეგ, სათამაშოდ მანჩესტერ სიტიში წავიდა, თუმცა ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ტრავმების გამო სიტიში დამკვიდრება ვერ შეძლო. კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა თბილისის დინამოში, შემდეგ ცხინვალის სპარტაკში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, ასევე 2012-2016 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი გახლდათ.

გიორგი ჩიხრაძე

გიორგი ჩიხრაძე ცნობილი აფხაზური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია - საუკეთესო წლები სოხუმის ცხუმში და დონეცკის შახტარში გაატარა, კარიერა კი 2004 წელს თბილისის ამერში დაასრულა. კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა ამერს, აზერბაიჯანულ სიმურქს და ახნას ეთნიკოსს კვიპროსზე. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კახაბერ ცხადაძის ასისტენტი გახლდათ და დღესაც მასთან ერთად მუშაობს ყაზახურ ორდაბასში.

გიორგი ნემსაძე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კარიერის დასრულების შემდეგ ბედი სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სცადა და აღნიშნული მოვლენები ცნობილი დიდი სკანდალით დასრულდა. შემდეგ მუშაობდა თბილისის დინამოში სპორტული დირექტორის პოსტზე, სხვადასხვა დროს წვრთნიდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, თბილისის შევარდენს... დღეს გორის დილას მთავარი მწვრთნელია.

გოჩა ჯამარაული

ელეგანტური ნახევარმცველი წლების მანძილზე თბილისის დინამოს და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. დასამახსოვრებელია მისი პერიოდი შვეიცარიულ ციურიხში, სადაც ‘ჯამარამ’ თითქმის 4 წელი გაატარა. კარიერის დასრულების შემდეგ დაკავებული იყო სხვადასხვა სახის კომერციული საქმიანობით, 2016 წლიდან გარდაბნის რაიონის გამგებელია, 2015 წლიდან კი სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახლავთ.

კახი გოგიჩაიშვილი

გოგიჩაიშვილი იმ იშვიათ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ჯერ საბჭოთა პერიოდის თბილისის დინამოში მოუწიათ თამაში და შემდეგ საქართველოს ნაკრების ოფიციალური ეგიდით გამართულ მატჩებში მიიღეს მონაწილეობა. კარიერის დასრულების შემდეგ, გოგიჩაიშვილმა სამწვრთნელო საქმეს მიჰყო ხელი, 2014 წელს დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდით მოიგო დორტმუნდის ტურნირი, შემდეგ იყო დინამოს მთავარი მწვრთნელი, დღეს ეროვნულ ლიგა 2-ში მოღვაწეობს და ამჯერად ზუგდიდის დინამოს მწვრთნელია.

არჩილ არველაძე

შოთას ფეხბურთი თუ უფრო გოლისკენ იხრებოდა და შეტევის დასრულებაზე იყო ორიენტირებული, არჩილ არველაძის მისია უფრო ამ შეტევის დაწყება და შემდეგ გამწვავება იყო - ფლანგიდან შუაში შესვლა, ან სულაც ფორვარდის უკან თამაში. ბრედაში ჩატარებული კარგი სეზონების შემდეგ, ბუნდესლიგის კიოლნმა დაიმატა, თუმცა ამ პერიოდში მძიმე მუხლის ტრავმის გამო, 29 წლის ასაკში კარიერის დასრულება მოუწია. კარიერის დასრულების შემდეგ გახლდათ 35-ე სკოლის დირექტორი, სფფ-ის ტექნიკური დირექტორი, დღეს ძმასთან ერთად უზბეკეთში მოღვაწეობს.

გიორგი ქინქლაძე

‘ქინქის’ დიდი წარდგენა არ სჭირდება... ფეხბურთი რომ მხოლოდ რიცხვები არ არის, ამაზე გიორგი ქინქლაძის კარიერა და მისდამი გულშემატკივრის სიყვარული კარგად მეტყველებს, როგორც სამშობლოში, ისე ინგლისში. კარიერის დასრულების შემდეგ გახლდათ ანორთოსისის და ცხინვალის სპარტაკის ტექნიკური დირექტორი, რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა, რომ თბილისში მანჩესტერ სიტის აკადემიის გახსნას აპირებს.

შოთა არველაძე

ნაკრების ჩათვლით, შოთა არველაძეს კარიერაში 347 გოლი აქვს გატანილი... 26 ნაკრების მაისურით, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია. შოთის კარიერის პიკი ალბათ აიაქსში ჰქონდა, სადაც 4 სრული სეზონი ჩაატარა და 72 გოლის გატანა შეძლო. კარიერის დასრულების შემდეგ, მალევე მწვრთნელი გახდა, ჯერ ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო ალკმაარში, შემდეგ მისი გზაც დაიწყო - ქაისერისპორი, ქასიმფაშა, ტრაბზონსპორი, თელ-ავივის მაკაბი... დღეს ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელია, გუნდთან ერთად შარშან უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და წლის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს.

შეცვლაზე შევიდნენ

მიხეილ ყაველაშვილი (არჩილ არველაძის ნაცვლად - 46)

ყაველაშვილი თბილისის დინამოს კაპიტანი გახლდათ, როდესაც გუნდმა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროთასებზე პირველად იასპარეზა. რუსეთის ჩემპიონ ალანიაში და მანჩესტერ სიტიში ჩატარებული სეზონების შემდეგ, ყაველაშვილმა დაახლოებით 6 წელი შვეიცარიაში ითამაშა. 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია, სადაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

გიორგი კილასონია (შოთა არველაძის ნაცვლად - 74)

რუსთავის გორდას (იგივე მეტალურგი) ლეგენდამ ნაკრებში 4 მატჩი ითამაშა, გოლის გატანა კი ვერ შეძლო. საზღვარგარეთ, უფროს ძმასთან - ვარლამ კილასონიასთან ერთად კარგი სეზონები ჩაატარა სანკტ-პეტერბურგის ლოკომოტივში და დნიპრო დნეპროპეტროვსკში. დღეს საბერძნეთში ცხოვრობს და ფეხბურთთან კავშირი არ აქვს.

ბესიკ ბერაძე (გიორგი ღუდუშაურიის ნაცვლად - 80)

თბილისის დინამოს, ტრაბზონსპორის და ნოვოროსისკის ჩერნომორეცის ყოფილ განაპირა მცველს ნაკრებში 8 თამაში აქვს ჩატარებული, მათ შორის ბულგარეთის და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ. ბერაძე დღემდე ფეხბურთში მოღვაწეობს და თბილისის დინამოს პირველი გუნდის ერთ-ერთი ადმინისტრატორია.

კომენტარები

ბოლო ამბები