Thumbnail

სხვებს მოუწოდებდა, შინ დარჩითო და თვითონ Range Rover დაამტვრია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბირმინგემის ასტონ ვილას კაპიტანი ჯეკ გრილიში, რომლის გადაბირებაზე მანჩესტერ იუნაიტედი ფიქრობს, კარანტინის დარღვევისთვის დაისაჯა. ინგლისური მედიის ცნობით, 24 წლის ირლანდიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო, შინ დარჩენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, საკუთარი Range Rover დააზიანა.

როგორც ირკვევა, გრილიშმა მთელი ღამე სტუმრად, თავის ნაცნობთან წვეულებაზე გაატარა, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე კი 28 მარტს, დილის 8 საათზე გახდა. ფეხბურთელის ავტომობილი, რომელიც 89 ათას ევროდ ფასდება, პარკირებულ სამ ავტომობილს დაეჯახა. გრილიში დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს დაპირდა, რომ ზარალს სრულებით აუნაზღაურებს.

დაზიანება ჯეკ გრილიშის ავტომობილმაც მიიღო 

"წვეულება მთელი ღამე გაგრძელდა და ეს აუტანელი იყო. გრილიში თავისი მანქანის გვერდით იდგა და დაცვის თანამშრომლებთან ილანძღებოდა. საშინელი სანახავი იყო ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც ძალიან დაბნეული და დამფრთხალი იყო", - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

ჯეკ გრილიში ბოლოს ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ღირსეას იცავდა

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯეკ გრილიშმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას შინ დარჩენისკენ მოუწოდა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ინგლისის პრემიერლიგის სეზონი გაურკვეველი ვადით შეწყვეტილია. ჯეკ გრილიშმა ჩემპიონატის 26 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი. 

დიდ ბრიტანეთში საშიში ინფექციის თითქმის 20 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულთა რიცხვი 1200-ს აღემატება.

კომენტარები

ბოლო ამბები