Thumbnail
  • რა შეცვალა ჩავი-ინიესტას წყვილმა ფეხბურთში
  • ორი მოთამაშე ერთი სტილით და განსხვავებული ხასიათით
  • სისტემისთვის ჩავი უფრო მნიშვნელოვანი იყო
  • ინიესტა განსაკუთრებული ეპიზოდების კაცია

არაფერია იმაზე უფრო სრულყოფილი, ვიდრე ჩავის და ინიესტას დუეტი მოედნის ცენტრში. ეს იყო წყვილი, რომელმაც შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ფეხბურთზე. მათთან ერთად ფეხბურთი, ეს ათლეტური და ძალისმიერი თამაში, ძალიან ჰარმონიული გახდა - თითქოს წყვილში ცეკვასავით.

რაში გჭირდება ათლეტიზმი, თუ ბურთი სულ შენ გაქვს?! ‘ბურთი ჩვენია და ჩვენთან დარჩება’ - ასეთია შენი გუნდის დევიზი, როდესაც მოედანზე ჩავი და ინიესტა გყავს.

დუეტი, რომელმაც შეცვალა ფეხბურთი

ხოსეპ გვარდიოლას რევოლუციაზე ბევრი უთქვამთ და დაუწერიათ. თუ გვარდიოლა წიგნის ავტორია, ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები სწორედ ჩავი და ინიესტა უნდა იყვნენ. პეპის რევოლუციაში ისინი მთავარ როლს თამაშობდნენ. ისინი და არა მესი. რატომ? არა, იმიტომ არა, რომ თითქოს იმის მტკიცება მინდა, რომელიმე ლეოზე უკეთ თამაშობს ფეხბურთს. მესიზე უკეთ ფეხბურთს ვერავინ თამაშობს. უბრალოდ, ლეო იმდენად დიდია, რომ ის თავის ფეხბურთს ყველგან ითამაშებდა, ნებისმიერ გუნდში, ნებისმიერ მწვრთნელთან. გვარდიოლას თამაშის სპეციფიკურობას და მის განსაკუთრებულობას კი სწორედ ეს ორი მოთამაშე განაპირობებდა. ბარსელონას სტილს ყველაზე მეტად ჩავი-ინიესტას დუეტი განსაზღვრავდა.

ანდრეს ინიესტა, ლეო მესი და ჩავი ერნანდესი - 2010 წელი

მათთან ერთად მთლიანად შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა ფეხბურთზე. ზემოთ ფეხბურთის ათლეტურობა ვახსენე. ამ წყვილმა ერთად პირველად შორეულ 2002 წელს ითამაშა, ვან გაალის ბარსელონაში, მაგრამ როგორც დუეტმა, ძირითადში ფეხი მყარად მხოლოდ 2008 წლიდან, ანუ გვარდიოლას გუნდში მოსვლის შემდეგ მოიკიდა.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ეპოქაა, როდესაც რაფა ბენიტესის ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მუდმივი ფავორიტია თავისი ჯერარდი-მასკერანო-ჩაბი ალონსოს ტრიოთი, ჩელსის მოედნის ცენტრში ესიენი-მაკელელე-ლემპარდის ტრიო ჰყავს, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ფავორიტი მილანი იძულებულია, ჯადოქარი ანდრეა პირლოს გვერდით ორი მუშა ფეხბურთელი ჯენარო გატუზო და მასიმო ამბროზინი ათამაშოს. რეალშიც კი მოიძებნა ლასანა დიარასთვის ადგილი. მოკლედ, მოედნის ცენტრში, ყველაზე უფრო ინტენსიურ და დინამიურ ზონაში თამაში თუ გინდა, ძალა, სირბილი და აგრესია გჭირდება.

📋 სხვა დუეტები

თვით ბარსელონაშიც კი მიიჩნეოდა, რომ მოედანზე ერთსა და იმავე ზონაში ერთდროულად ორი მოთამაშე 170 სანტიმეტრით და ათლეტიზმის გარეშე ცოტა ბევრია. ეს დილემა გვარდიოლამ გადაწყვიტა.

ლორენცო ბუენავენტურა, გვარდიოლას ასისტენტი: ‘ხალხი კითხულობდა: ჩავი თუ ინიესტა? პეპმა უპასუხა - ჩავი და ინიესტა!’

ეს იყო რევოლუცია არამხოლოდ მინდორზე, არამედ ფეხბურთის აღქმაშიც. უცებ აღმოვაჩინეთ: იმისთვის, რომ სუპერვარსკვლავი იყო, არ გჭირდება იყო ექსტრაორდინალური, განსხვავებული და განსაკუთრებული. ორი კაცი, საშუალოზე დაბალი, გამორჩეული ფიზიკური თვისებების გარეშე, აი ისეთი, ქუჩაში რომ შეგხვდეს, ყურადღებას რომ არ მიაქცევ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაგრად თამაშობს ფეხბურთს. იმიტომ, რომ მთავარი ტვინია და მხოლოდ ინტელექტის ხარჯზეც შეიძლება ითამაშო ძალიან დიდი ფეხბურთი. ეს საფეხბურთო რევოლუცია იყო.

განსხვავებულები და ერთნაირები

მოედანზე ისინი თითქოს ერთმანეთს გვანან, მოედანს მიღმა კი იშვიათად, რომ მსგავსად განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანები ნახოთ. ჩავი ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერი იყო, მუდამ თავდაჯერებული, ერთნაირად კარგად ჰქონდა, როგორც გუნდის, ასევე ზოგადად, ადამიანების მართვის უნარი. მისივე აღიარებით, ის სტანდარტული control freak-ია - ანუ, ადამიანი ყველაფრის კონტროლის მანიით.

მისი ხასიათის შესახებ ყველაზე კარგად ერთი დეტალი მეტყველებს. ჩავის ერთი ჩვევა აქვს, ნებისმიერ ადგილზე, იქნება ეს ოთახი, კაფე, თუ ნებისმიერი სხვა ადგილი, როცა ის ჯდება, მთელ სივრცეს უნდა აკონტროლებდეს და ყველა სკამს, ყველა მაგიდას ხედავდეს. ამის მერე სჯერა ვინმეს, რომ ჩავის შეიძლება ფეხბურთი ისე ეთამაშა, რომ არ სცოდნობდა მთელი მისი გუნდის, თითოეული მოთამაშის განლაგება?! მე არ მჯერა.

ჩავის ერთი ძალიან საინტერესო ინტერვიუ აქვს, ზოგადად ფეხბურთის შესახებ ლაპარაკობს. რიგითი გულშემატკივარისთვის რთულად გასაგებია, რასაც ამბობს. ამ ინტერვიუდან ხვდები, რომ მისთვის ფეხბურთი უბრალოდ თამაში არ არის, ეს არის მეცნიერება დროსა და სივრცეზე.

მის შესახებ საინტერესო ამბავს ყვება ყოფილი არბიტრი იტურალდე გონსალესი. მისი თქმით, ჩავი მსაჯისთვის მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე რთულად კონტროლირებადი მოთამაშეა, ის მუდამ ლაპარაკობს და 90 წუთის მანძილზე აქვს მსაჯთან კომუნიკაცია, კომენტარს უკეთებს მის თითოეულ გადაწყვეტილებას. ჩავი ბარსელონას ლიდერი იყო, დირიჟორი, რომელიც აკონტროლებდა მთელ გუნდს და მთელ თამაშს.

ანდრეს ინიესტა აბსოლუტურად სხვა კაცია - ძალიან მშვიდი, უკონფლიქტო და წყნარი ინტროვერტი. ჩავისგან განსხვავებით, ვერასოდეს გაიგებთ მის აზრს, მაგალითად, პოლიტიკაზე, ან კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე. ჩავი კატალონელია, ინიესტა კი ფუენტეალბილაში დაიბადა - სოფელში, სადაც სულ 2000 კაცი ცხოვრობს, ალბასეტეს მახლობლად, კასტილია ლა მანჩაში - ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წლების მანძილზე მას დეპრესია აწუხებდა, სწორედ მაშინ, როცა ბარსელონასთან ერთად ყველაფერს იგებდა. მოკლედ, ინიესტა სენსიტიური და თავის თავის კაცია.

ყველაზე მეტს და ყველაზე უკეთ ინიესტას შესახებ ბარსელონაში მისი ბოლო მატჩის შემდეგ გადაღებული ფოტოები გვეუბნება. თამაშის მერე, გვიან ღამით, ჩუმად, მარტო ცარიელ 'კამპ ნოუზეა' მისული, ფეხშიშველი მოედნის ცენტრში ზის და ასე მარტოობაში, თავის ფიქრებში და ემოციებში ემშვიდობება იმ მოედანს, სადაც წლების მანძილზე თითქოს ნახატებს ქმნიდა. მრავლისმეტყველი ფოტოა.

ინიესტა კამპ ნოუს ემშვიდობება

საერთო მათ თამაშის აღქმა, თამაშის გაგება აქვთ. ორივე ბარსელონას სისტემაში აღიზარდა. ინიესტაზე აღვნიშნე, რომ ის კატალონელი არ არის. ამის მიუხედავად, ის 12 წლიდან ბარსას სისტემაში მოხვდა, ფეხბურთი კატალონურად ისწავლა. ამ მოთამაშეებს ერთმანეთისთვის ალბათ ათიათასობით გადაცემა აქვთ შესრულებული. მთავარი, როგორც ამ დუეტისთვის, ისე მთლიანად ბარსელონასთვის თამაშის ერთიანი კონცეფცია, ერთიანი აღქმაა. როცა ბავშვობიდან ერთ სისტემაში, ერთი იდეით თამაშობ, რეფლექსურად იწყებ აზროვნებას. სანამ მეტოქე მიხვდება რამეს, შენ მასზე წამებით წინ ხარ. წინასწარ იცი, სად გაიხსნა, ბურთს სად დაელოდო, პარტნიორი სად იპოვო - მოკლედ, გუნდი სინქრონულად იწყებს თამაშს. ბარსელონას სინქრონის საფუძველში სწორედ ჩავის და ინიესტას ტელეპატიური ურთიერთგაგება იყო.

რომელი უფრო მაგარი იყო?

რთული სათქმელია, რადგან თამაშის მსგავსი სტილის მიუხედავად, მათ მოედანზე განსხვავებული ფუნქცია ჰქონდათ. ზემოთ ჩავი დირიჟორს შევადარე. მართალიც არის - ეს ის კაცი იყო, რომელსაც ბარსას ორკესტრი მოძრაობაში მოჰყავდა. მუდამ მოედნის და თამაშის ცენტრში: ბურთის მოძრაობა, შეტევის დაწყება, ბურთის განაწილება, თამაშის და მისი ტემპის კონტროლი - ეს ყველაფერი ჩავის საქმე იყო. თავისი კარიდან ბურთის მესიმდე მიტანასაც სწორედ ჩავი უზრუნველყოფდა.

ჩავის ახლოდან ვერასოდეს ხედავ, მაგრამ მუდამ გრძნობ მის გავლენას თამაშზე. როცა ის მოედანზეა, ბურთი უფრო სწრაფად და უფრო ზუსტად მოძრაობს. მოკლედ, ჩავი ბარსელონას გენერალი იყო.

ინიესტა უფრო ეპიზოდის კაცია. როგორც კი შეხედავ, ხვდები, რომ ჯადოქარია. სხვათაშორის, ძალიან სიმბოლური სახელი ჰქვია მის ავტობიოგრაფიულ წიგნს - ‘არტისტი’. თუ ჩავი ერთი შეხედვით მარტივად თამაშობს, ინიესტას თამაშში, სულ მცირე, ერთხელ მაინც აქვს მომენტი, როდესაც მის ფინტს თუ მოძრაობას მსხვილი ხედით აჩვენებენ და შენ ფიქრობ: ‘აუ ეს როგორ გააკეთა?!’ ბურთი თითქოს ფეხზე აქვს მიწებებული, ნელა ატარებს, მაგრამ მაინც ვერ ართმევ. არა გაქცევის, არამედ დასხლტომის ხელოვნება - ინიესტას ყველაზე ძლიერი მხარეა.

ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების სტრუქტურისთვის ჩავი უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ინიესტას აქვს გოლი ჩელსისთან ბოლო წუთზე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, იმ თამაშში, რომელიც ბარსელონას უნდა წაეგო. ანაც მთავარი გოლი - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.

გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში - ჰოლანდიასთან დამატებით დროში

მოკლედ, ჩავი უფრო სისტემის შემოქმედი კაცია, ინიესტა - მომენტების, რომელიც არასოდეს გავიწყდება, გოლების, რომლებიც ისტორიას ცვლის.

ბარსელონას გარდა, ამ წყვილმა ისტორია ესპანეთის ნაკრებშიც დაწერა - მსოფლიოს და ორგზის ევროპის ჩემპიონობა. დელ ბოსკეს გუნდშიც თამაშს ეს წყვილი ქმნიდა, ამჯერად მესის გარეშე.

ეს იყო დუეტი, რომელმაც ჩვენი საფეხბურთო მსოფლმხედველობა შეცვალა. რა მნიშვნელობა აქვს, თუკი მათზე ძლიერი და ათლეტური ხარ, ისინი შენზე სწრაფად ფიქრობენ და შენზე ადრე იციან, ბურთი სად უნდა გასცენ და სად მიიღონ. სწორედ ამიტომ ბურთი მათია და მათთან დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები