- მამუკა გორგოძემ რაგბიდან წასვლის თარიღი დაასახელა
- მან კარიერის დასრულებაზე ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა
მამუკა გორგოძე აქტიურ სპორტულ კარიერას ამთარებს! ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლეგენდამ და ტულონის მორაგბემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
გადაცემაში 'სპორტი იმედზე' გორგოძე საფრანგეთიდან ჩაერთო და წამყვანების კითხვებს უპასუხა. გორგოძემ საფრანგეთში შექმნილ მდგომარეობაზე, ეროვნულ ნაკრებსა და კარიერის დასრულებაზე გაამახვილა ყურადღება. გარდა ამისა, ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და ქართველ ქომაგს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მამუკა გორგოძე:
"ყველანი გაჩერებულები ვართ. მხოლოდ საჭმელზე და ძაღლის გასასეირნებლად შეგიძლია გარეთ გასვლა. სირბილიც შეგიძლია, ოღონდ დისტანცია უნდა დაიცვა. ფრანგები საკმაოდ კულტურული ერია. 16 წელია, აქ ვცხოვრობ და ფრანგები განსაკუთრებით ჰიგიენურები არიან. მათ დიდ პატივს ვცემ, ეს ჩემი მეორე სამშობლოა და ფრანგული პასპორტიც მაქვს. ჩემი და ჩემი ოჯახის ყურადღება გულითა და სულით საქართველოსკენ არის მიმართული. ყველა საინფორმაციას ველოდებით და თვალს ვადევნებთ.
დღეს სახლში დარჩენა ომში წასვლის ტოლფასია. მთავრობისთვის და ექიმებისთვის ხელშეწყობა დიდი საქმეა. ყველამ იცის, რომ მე პოლიტიკური ინტერესები არ მამოძრავებს. ჩვენი მთავრობა და ექიმები გმირობის ტოლფას საქმეს აკეთებენ. ჰოდა, ხალხიც უნდა გავუთანაბრდეთ მათ.
'რაგბი ახლა მეორეხარისხოვანია, რადგანაც ხალხის ჯანმრთელობაა მთავარი'
სავარჯიშო პროცესი შეჩერებულია. ქართველებს ვერ ვხვდები. ერთი ქართველი საქართველოში წამოვიდა. ბექა გიგაშვილი აქ დარჩა და ისიც ვარჯიშობს. სპეციალური პროგრამა შეადგინეს და იმას მივყვებით. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, როდის განახლდება TOP 14. რაგბი ახლა მეორეხარისხოვანია, რადგანაც ხალხის ჯანმრთელობაა მთავარი. ძალიან მტკივა ჩემი ქვეყნის მდგომარეობა, როდესაც ასე შორს ხარ.
ივნისის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი მიმთავრდება და კარიერასაც ვასრულებ. რაგბში დარჩენას არ ვაპირებ, თუმცა რაგბის დასახმარებლად ყოველთვის მზად ვიქნები. ლევან მაისაშვილი ჩემი ოჯახის მეგობარია. თამაშები სუსტ მეტოქეებთან გვქონდა - მათთან თამაში ჩვენთვის არაფრისმომცემია, მიუხედავად დიდი პატივისცემისა ამ ქვეყნებისადმი.
ახალგაზრდებს უნდა მივცეთ მეტი შანსი. წელს შედარებით სანახაობრივი რაგბი ვითამაშეთ. ამ ექვს ერზე უფრო მეტ ახალგაზრდას უნდა მიეცეს შანსი. მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ თავიანთი მომენტები და შანსები. მომდევნო მსოფლიო თასისთვის ნაკრები ბრწყინვალე ფორმაში უნდა იყოს. ჩვენ თასების მოგებსა და რეიტინგს არ უნდა ვუყურებდეთ. ეს თვალში ნაცრის შეყრა იქნება. მიხარია, რომ სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი ეს დიდი პატივია.
კომენტარები