- ლევან კორღალიძე ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი აღარ არის
- პოპსპორტი კლუბის ტექნიკურ დირექტორს, გიორგი ყიფიანს დაუკავშირდა
2020 წლის ეროვნული ლიგა ყველაზე კარგად ლოკომოტივმა დაიწყო. თბილისურმა გუნდმა პირველ ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, თუმცა შემდეგ კორონავირუსის გამო ჩემპიონატი შეწყდა და უცნობია, როდის განახლდება. კრიზისულმა ვითარებამ ლოკომოტივს პრობლემები შეუქმნა და შედეგად, გუნდიდან მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე გადადგა.
კორღალიძემ თბილისური კლუბი კონკრეტული მიზეზის გამო დატოვა, საქმე ფინანსებს ეხება. პოპსპორტი ლოკომოტივის ტექნიკურ დირექტორ გიორგი ყიფიანს დაუკავშირდა, რომელმაც ვრცელი კომენტარი გააკეთა…
გიორგი ყიფიანი (ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორი)
“ვადასტურებ რომ ლევან კორღალიძემ ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ამის მიზეზი ფინანსების ოპტიმიზაციაა. ამის შესახებ ჩვენ ოფიციალურ პოზიციას მომდევნო კვირაში, ხუთშაბათს დავაფიქსირებთ და დეტალებსაც ვიტყვით. შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ფინანსების ოპტიმიზაცია ნამდვილად მოხდა და გუნდში ხელფასები შემცირდა. სწორედ ამიტომ დატოვა მწვრთნელმა გუნდი. თუ როგორ და რამდენით შემცირდა ხელფასები, ამ დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებ.
დღეს ვერც იმაზე ვილაპარალებ, თუ რა პერიოდით შენარჩუნდება შემცირებული ხელფასები, რადგან შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, ძალიან ვფრთხილობ. თუ ფორსმაჟორი არ არის, არსებულ შეთანხმებებს არასდროს ვარღვევთ. რასაც ვპირდებით მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, ყველაფერს ვასრულებთ და ასეთი დარტყმების მიღება ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. იმედია, რომ მალე გამოსწორდება ვითარება და დავძლევთ კრიზისს”.
კომენტარები