Thumbnail

'ბათუმში თავს დაცულად ვგრძნობ' - ინტერვიუ ფლამარიონ ჯოვინოსთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო ბათუმის ბრაზილიელი ლიდერი ოჯახთან ერთად ბათუმშია
  • ფლამარიონ ჯოვინო მაქსიმალურად იცავს ექიმების რეკომენდაციებს

დინამო ბათუმის ლიდერი ფლამარიონ ჯოვინო ოჯახთან ერთად ბათუმშია, მაქსიმალურად იცავს ექიმების რეკომენდაციებს და როგორც უმრავლესობა, იზოლაციაშია. როგორ ატარებს დროს ჯოვინო, როგორ მიდის სარეაბილიტაციო პროცესი და როგორი განწყობა აქვს ამ კრიზისულ პერიოდში? ამ ყველაფერზე, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პოპსპორტთან ინტერვიუში ისაუბრა... 

popsport: როგორ ატარებ ამ კრიზისულ პერიოდს: თვითიზოლაციაში თუ ხარ და როგორია ყოველდღიური რეჟიმი?  

ჯოვინო: ჩემი ოჯახის წევრები ბათუმში ჩამოვიდნენ და ერთად ვართ ამ კრიზისულ პერიოდში. ვცდილობთ, ყურადღება სხვადასხვა თემებზე გადავიტანოთ და დრო საინტერესოდ გავატაროთ. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

popsport: ფეხბურთი მთელ მსოფლიოში გაჩერებულია, მათ შორის საქართველოში. როგორია შენი განცდები ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობ თავს?

ჯოვინო: პროფესიონალი ფეხბურთელისთვის რთულია ამ რეალობის მიღება. ყველას, ვისაც უყვარს ფეხბურთი, გულდაწყვეტილია მოვლენათა ასეთი განვითარების გამო. მაგრამ რას ვიზამთ, უნდა გავუსწოროთ თვალი ახალ რეალობას. ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. თავს დაცულად ვგრძნობ, რადგან მუდმივად სახლში ვარ ოჯახის წევრებთან ერთად.

'ამ რეალობაში ვარჯიში და თამაში წარმოუდგენელია. ამიტომ, პირველ რიგში, მსოფლიომ ვირუსი უნდა დაამარცხოს'

popsport: ტრავმის შემდეგ, სარეაბილიტაციო კურსს გადიხარ. როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იზოლაციის რეჟიმში თუ გიწევს ინდივიდუალური ვარჯიში?

ჯოვინო: სახლის პირობებში ყოველ დღე ვვარჯიშობ და თავს უკეთ ვგრძნობ. თუ როდის გამოვჯანმრთელდები სრულად, ამის პროგნოზირება გამიჭირდება. ექიმმა უნდა შემამოწმოს და სარეაბილიტაციო კურსის მიმდინარეობა შეაფასოს. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ იმის თქმას, როდის დავუბრუნდები მოედანს. თუმცა, ამ რეალობაში ვარჯიში და თამაში წარმოუდგენელია. ამიტომ, პირველ რიგში, მსოფლიომ ვირუსი უნდა დაამარცხოს. 

ფლამარიონ ჯოვინო
📷 დინამო ბათუმი

popsport: თუ ინარჩუნებ დინამო ბათუმის ფეხბურთელებთან კონტაქტს და როგორი განწყობაა გუნდში კრიზისულ პერიოდში?

ჯოვინო: გუნდელებთან კონტაქტს სოციალური ქსელის დახმარებით ვინარჩუნებ. ყველას მოგვენატრა ფეხბურთი და მოუთმენლად ველოდებით იმ დღეს, როცა ვარჯიშის საშუალება მოგვეცემა. როდესაც დატვირთულ გრაფიკს ხარ მიჩვეული, რთულია ახალ რეალობას შეეჩვიო. თუმცა, ეს ჩვენი ვალია და ამიტომ, ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს.

popsport: როგორი მდგომარეობაა ბრაზილიაში?

ჯოვინო: ბრაზილიაში ვირუსმა ცოტა გვიან შეაღწია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. ინფიცირებული ადამიანების რიცხვი ყოველდღე იმატებს, რასაც ქვეყნის სიდიდე და მოსახლეობის რაოდენობა ხელს უწყობს. მთავრობამ შესაბამისი ზომები მიიღო და იმედი მაქვს, რომ ვითარება მალე დასტაბილურდება. შორიდან ვეცნობი ბრაზილიაში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ კი ბათუმში თავს დაცულად ვგრძნობთ, რადგან ინფიცირებულების რიცხვი დაბალია და იმედია, ასე გაგრძელდება.

'ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია'

popsport: რას ურჩევ დინამო ბათუმის გულშემატკივრებს ამ პერიოდში?

ჯოვინო: გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან სეზონის განახლებას და ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებას, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ ჩაიაროს ამ პრობლემამ მთელ მსოფლიოში.

კომენტარები

ბოლო ამბები