Thumbnail

‘ისე ვართ, როგორც მსოფლიო ომში’ - ანტონიო პერკასის ემოციური სიტყვები

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტი იტალიური კლუბის, ბერგამოს ატალანტას შეფმა ანტონიო პერკასიმ ‘გაძეტა დელო სპორტისთვის’ მიცემულ ინტერვიუში ემოციური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ატალანტას თანამშრომლების გარემოცვიდან 8 ადამიანია გარდაცვლილი კორონავირუსით, რომელმაც ევროპაში ყველაზე მეტად მისი ქალაქი აზარალა.

“ჩვენ დაუჯერებელი ტრაგედიის მომსწრენი ვართ, რომელსაც ფაქტობრივად მთელი თაობა ეწირება. ვირუსი ახალგაზრდა ადამიანებსაც უტევს. ჩვენ ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ და შექმნილი ვითარება უკვე მსოფლიო ომივითაა,” - განაცხადა ატალანტას შეფმა.

ბერგამოს ატალანტას მფლობელი ანტონიო პერკასი

66 წლის ბიზნესმენმა, რომელიც 10 წელია, ატალანტას მფლობელია, თავის თანაქალაქელებს და კლუბის თანამშრომლებს გამძლეობისკენ მოუწოდა: “ამ 10 წელიწადში ძალიან გავიზარდეთ. დღეს ატალანტა უკვე ევროპის 8 საუკეთესო კლუბს შორისაა. იმედი მაქვს, რომ ატალანტას მიღწევები ცოტათი მაინც უმსუბუქებს ჩვენს ქალაქს ამ ურთულეს და უმძიმეს დღეებს.”

'ბერგამოს მაცხოვრებლები უდიდეს სიმტკიცეს და ძლიერ ხასიათს ავლენენ'

პერკასიმ მადლობა გადაუხადა ექიმებსა და სანიტრებს, რომლებიც პანდემიას თავდაუზოგავად ებრძვიან: “ბერგამოს მაცხოვრებლები უდიდეს სიმტკიცეს და ძლიერ ხასიათს ავლენენ. ჩვენი კლუბი ლოცულობს ყველასათვის, ვინც ამ ურთულეს დროში იტანჯება.”

იტალიაში კორონავირუსის 92 472 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 10 023 და გამოჯანმრთელდა 12 384 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე ინფიცირებულია 672 086 ადამიანი. გარდაიცვალა 31 191 და გამოჯანმრთელდა 143 870 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები