Thumbnail

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიო სპორტს უდიდესი დარტყმა მიაყენა. ამ დარტყმის შედეგები ახლა ძნელი დასათვლელია. ფინანსური ზიანის გაცნობიერება სხვადასხვა ორგანიზაციებს ჯერ კიდევ წინ ელით. ფაქტი კი ისაა, რომ ამ ზაფხულს დაგეგმილი ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გადადებულია. ორივე მათგანის ჩატარება 2021 წელს იგეგმება. რა შედეგები შეიძლება მოყვეს ოლიმპიური თამაშების დაწყების გადავადებას, რამდენად იყო ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი და რა გავლენა მოახდინა პანდემიამ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტზე - ამის შესახებ სეოკ-ის სპორტულ დირექტორს, გიორგი ესაკიას ვესაუბრეთ.

Popsport: რამდენად მოსალოდნელი იყო ოლიმპიური თამაშების გადადება?

გიორგი ესაკია: ნამდვილად იყო მოსალოდნელი. ამ მომენტისთვის გათამაშებულია ლიცენზიების მხოლოდ 57 პროცენტი. გუნდების დაკომპლექტების პროცესი მაქსიმუმ ივნისის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ამ ვითარებაში ეს შეუძლებელი გახდა. არსებობდა აზრი, ზოგიერთ სახეობაში, მაგალითად ჭიდაობაში, გამოყენებულიყო არსებული რეიტინგი, აგრეთვე დამატებულიყო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების შედეგები. მუშავდებოდა ვარიანტი, რომ პირველ 16 ადგილზე გასული სპორტსმენები ოლიმპიადაზე ავტომატურად დაიშვებოდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ მაგალითად, ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი არაა სალიცენზიო ტურნირი, მასში უძლიერეს სპორტსმენებს მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდათ, ამიტომ ეს ვარიანტი დაიბლოკა.

კორონავირუსის გამო, ოლიმპიურ თამაშებთან ერთად, პარალიმპური თამაშებიც გადაიდო

Popsport: რამდენად შეუწყო ხელი თამაშების გადაწევას იმან, რომ რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თქვა მონაწილეობაზე უარი?

გიორგი ესაკია: ესეც ნამდვილად კიდევ ერთი ფაქტორი იყო. გავიხსენოთ მოვლენათა ქრონოლოგია. სანამ აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის და კიდევ რამდენიმე დიდი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები ტოკიოში გამგზავრებაზე უარს იტყოდნენ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც კი აცხადებდა, რომ ოლიმპიური თამაშები აუცილებლად თავის დროზე ჩატარდებოდა. როგორც კი დიდი ქვეყნებისგან პირველი სიგნალები გაჩნდა, მათი ტონი შეიცვალა. ამიტომ, ლოგიკურად მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნების გადაწყვეტილებებმა ნამდვილად იმოქმედა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე.

'სწორედ ამიტომ გაჩნდა აზრი, რომ მიუხედავად თამაშების 2021 წელს ჩატარების გადაწყვეტილებისა, მისი სახელი მაინც უცვლელი დარჩეს'

Popsport: რა სახის ფინანსური პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს ორგანიზატორ ქვეყანას?

გიორგი ესაკია: პირველ რიგში, ეს არის უკვე დახარჯული თანხები. გასაგებია, რომ სპორტული ნაგებობები არსად დაიკარგება, მაგრამ აბა წარმოვიდგინოთ, რამხელა თანხაა დახარჯული „ბრენდინგში“. სწორედ ამიტომ გაჩნდა აზრი, რომ მიუხედავად თამაშების 2021 წელს ჩატარების გადაწყვეტილებისა, მისი სახელი მაინც უცვლელი დარჩეს. სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სასტუმროს ჯავშნები ადის ასტრონომიულ თანხებამდე. სანამ გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ტოკიოში სასტუმროს დაჯავშნა წარმოუდგენელი იყო, ახლა კი ყველა ჯავშანი მოხსნილია. გასათვალისწინებელია მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარება, დღეს ძნელი სათქმელია, რა მდგომარეობაში იქნებიან ის კომპანიები, რომლებსაც სასპონსორო ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან რა ნაბიჯები იქნება გადადგმული მათთან ურთიერთობაში.

'ბიუჯეტი იგეგმება ლარში და მისი გაუფასურება, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს'

Popsport: როგორ აისახა ქვეყანაში არსებული ვითარება საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტზე?

გიორგი ესაკია: ისევე, როგორც ბევრი კომპანია, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტიც დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. რაც შეეხება ეკონომიკურ ვითარებას: ბიუჯეტი იგეგმება ლარში, მაგრამ იმისთვის, რომ დაფინანსდეს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა, ჩვენ მყარი ვალუტა გვჭირდება. ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს.

კომენტარები

ბოლო ამბები