Thumbnail
  • გაისკა მენდიეტა 2000-იანების დასაწყისში ფეხბურთის სუპერვარსკვლავი იყო
  • თუმცა დიდი ფეხბურთი მან მხოლოდ ვალენსიაში ითამაშა
  • კარიერის დასრულების შემდეგ მისი ცხოვრება საინტერესოდ გაგრძელდა

ჟურნალისტი ნიკ ელიოტი იხსენებს დღეს, როდესაც ბარსელონას ლეგენდებს მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდებთან უნდა ეთამაშათ. მას გაისკა მენდიეტა შეხვდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.

“სასტუმრო მასპინძლობს ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელებს, რომლებიც მანჩესტერ იუნაიტედთან საქველმოქმედო მატჩისთვის ემზადებიან. ვუსმენ საუბარს გერმანელ კოლეგასა და პატრიკ კლუივერტს შორის - ისინი პარტიკის შვილის, ჯასტინის მომავალზე ლაპარაკობენ. ბარსელონას წარმომადგენელი რონალდინიოზე მესაუბრება, რომელიც, დიდი ალბათობით, აქ წარმოდგენილ მოთამაშეებს შორის ყველაზე მოთხოვნადია. უცებ, ჩემს გვერდით ნაცნობი სახე ჩნდება - ეს გაისკა მენდიეტაა! სხვებს რომ თვალი გადაავლო, სპორტული ფორმა ყველას დაკარგული აქვს, მენდიეტას კი ეტყობა, რომ მზადაა, 90 წუთი ითამაშოს,” - იხსენებს ჟურნალისტი.

გაისკა მენდიეტა ორჯერ ორჯერ იყო ევროპის წლის საუკეთესო ნახევარმცველი, მაგრამ დიდი ფეხბურთი მხოლოდ ვალენსიაში ითამაშა. მერე იყო იტალია, ისევ ესპანეთი, ინგლისი, მაგრამ მენდიეტა ვარსკვლავების სიიდან გაქრა.

“იტალია უფრო ექსტრემალური და უფრო ფიზიკურია. იქ გულშემატკივარი ძალიან ემოციური და პირდაპირია. შავი ან თეთრი - მათთვის შუალედი არ არსებობს. ტიფოზების მიდგომა ფეხბურთელებისადმი შეიძლება იყოს ბრწყინვალე, ან საშინელი”, - თქვა მენდიეტამ რომის ლაციოდან წასვლის შემდეგ.

არადა, კარიერის პიკში სწორედ რომაულ კლუბში უნდა ყოფილიყო. ლაციალემ მის სანაცვლოდ იმ დროისთის ძალიან დიდი ფული, 48 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ მენდიეტას რომში 10 მილიონის ფეხბურთიც კი არ უთამაშია. პაველ ნედვედი ლაციოდან ახალი წასული იყო და რომაელი ტიფოზები მენდიეტასგან სასწაულებს ელოდნენ და ითხოვდნენ. გაისკა ოდნავადაც ვერ მოერგო სერია A-ს.

რომში გატარებული ერთი წლის შემდეგ (20 თამაში, 0 გოლი), ნახევარმცველი იჯარის წესით ბარსელონაში აღმოჩნდა. კატალონიაში მას ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე დახვდა, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

აი, რას ამბობს მენდიეტა ჩავი ერნანდესსა და ანდრეს ინიესტაზე: “ძალიან ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ საკმაოდ ახალგაზრდები. ისინი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ეს განსაკუთრებული რამ არის, რისი პროგნოზირებაც, არამგონია, ვინმეს შეეძლოს.”

ვალენსიას ექს-ვარსკვლავი ზოგადად ესპანურ ფეხბურთზე განსაკუთრებული აღფრთოვანებით საუბრობს: "ესპანეთი ყველაზე ტექნიკურია. ესპანეთში უყვართ ბურთის ფლობა. ბურთი თამაშის მოგების ეთადერთი გზაა. როგორ უნდა ითამაშო ბურთის გარეშე?"

ჟურნალისტთან საუბრისას მენდიეტა სიტყვებს ფრთხილად არჩევდა. "არა იმიტომ, რომ მისი ინგლისური ცუდია (არა, ის შესანიშნავად საუბრობს ინგლისურად), არამედ იმის გამო, რომ სურს, ზუსტად გადმოსცეს ის, რასაც ფიქრობს. ეფექტი პოეტურია - მისი პასუხები რიტმულად ჟღერს, რაც ალბათ DJ-ისგან მოსალოდნელი უნდა იყოს. როდესაც მის მუსიკას ვახსენებ, მისი თვალები ანათებს - ცხადია, რომ ეს მისთვის ყველაზე სასურველი სასაუბრო თემაა," - იხსენებს ნიკ ელიოტი.

მენდიეტა: “დიჯეობა ვალენსიაში, მეგობრებთან ვცადე, თუმცა არადროს მიფიქრია, რომ ამას სერიოზულად გავყვებოდი. როცა საფეხბურთო კარიერა დავასრულე, ჩემმა მეგობარმა დამირეკა და ფესტივალში მონაწილეობა შემომთავაზა. ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური გამოსვლა. ეს იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ბენიკასიმის მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც დაახლოებით 150 000 მუსიკის მოყვარულს სტუმრობს.”

2015 წელს მენდიეტა იმავე ფესტივალზე მიიწვიეს, რათა ბენდ Los Planetas-თან ერთად გიტარაზე დაეკრა. ესპანურმა ინდი-პოპ-ბენდმა პოპულარობა 90-იან წლებში მოიპოვა, მისი წევრები ფეხბურთის დიდი ფანები არიან. მათ აქვთ სიმღერა "Un Buen Dia" (კარგი დღე), სადაც ასეთი ტექსტია: "ჩავრთე ტელევიზორი, მიმდინარეობდა თამაში და მენდიეტამ გოლი გაიტანა, ეს მართლაც გასაოცარია”. განსაკუთრებით ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც გაისკა სცენაზე ავიდა და ბენდთან ერთად შეასრულა ეს სიმღერა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მენდიეტა დიჯეი გახდა: “ეს არის ჰობი და ვნება. მუსიკა არის როკ-ენ-როლი, სოული, 50-იანები, ინდი ბენდები… გააჩნია, სად ხარ. ადამიანები, ვინც მე დამიქირავა, ფეხბურთელ მენდიეტაზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე მუსიკაზე. ბევრი გულშემატკივარი მოდის, ვისაც მუსიკა არ მოსწონს, ისინი უბრალოდ ფეხბურთის დიდი მოყვარულები არიან”.

მენდიეტამ საფეხბურთო კარიერა ინგლისის წვიმიან ჩრდილო-აღმოსავლეთში, მიდლსბროში დაასრულა. ესპანელს ინგლისი განსაკუთრებით უყვარს და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ ვალენსიაში დაბრუნებამდე, ცოტახნით მიდლსბროში დასახლდა.

“ინგლისში ფეხბურთი მშვენიერი იყო. ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ტაქტიკაზე ბევრს არ ნერვიულობენ. ყოველთვის არის სივრცეები, იქ მე ნადვილად გავერთე. ინგლისში გულშემატკივრები 100 პროცენტით ფეხბურთელებთან არიან - მე მიყვარს ისინი,” - ამბობს ესპანელი და ინგლისის ნაკრების პრობლემაზეც საუბრობს: "17 წლამდე, 18 წლამდე და 19 წლამდე ნაკრებებით ინგლისი ყოველთვის ძლიერი იყო, თუმცა ეროვნულ გუნდში ისინი თავს ვეღარ იჩენდნენ. ინგლისში უნდა დააკვირდნენ, თუ როგორ შეერწყას ახალგაზრდა თაობა ქვეყნის პირველ ნაკრებს. ჟურნალისტების მხრიდან ზეწოლა მეტ-ნაკლებად ერთნაირია. ინგლისში ნიჭიერ ფეხბურთელს მალევე უწოდებენ “ახალ რუნის”. ამის შემდეგ იგი მალე ხვდება მთავარ გუნდში და ძალიან ცოტას თამაშობს. ესპანეთში ყველა ბავშვი რეგულარულად თამაშობს. ეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელს გაუმჯობესებაში ეხმარება.”

გაისკა მენდიეტას ბევრი “თითქის დიდებულ” მოთამაშეს უწოდებს. ეს იმიტომ, რომ ვალენსიამ მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი დათმო. ვინ იყო ამ დროს “ღამურების” კაპიტანი? სწორედ მენდიეტა!

პირველ შემთხვევაში ვალენსია ფინალში პირწმინდად დამარცხდა. მადრიდის რეალმა 2000 წლის 24 მაისს ლიგის ფინალში მენდიეტას გუნდი 3:0 დაამარცხა. გაისკა და ვალენსიელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგებასთან ახლოს ერთი წლის შემდეგ, 2001 წლის 23 მაისს იყვნენ, სადაც ფინალში მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდნენ. მე-3 წუთზე ვალენსია მენდიეტამ პენალტის ნიშნულიდან დააწინაურა. გერმანელების მხირდან 50-ე წუთზე თავი შტეფან ეფენბერგმა გამოიჩინა, რომელმაც ასევე თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეძლო გოლის გატანა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და საქმე თერთმეტმერტიანების სერიამდე მივიდა, სადაც ვალენსიელები 4:5 დამარცხდნენ. მენდიეტმა თავისი პენალტის გატანა ამ შემთხვევაშიც შეძლო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

“პირველ შემთხვევაში, ჰკითხეთ ნებისმიერ ფანს და გეტყვის, რომ ჩვენ კარგად არ ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ფინალში ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან,” - ამბობს 46 წლის ექს-ნახევარმცველი. 

ჩემპიონტა ლიგის ფინალის ზედიზედ ორჯერ წაგება ძალიან მძიმე მომენტია ფეხბურთელისთვის. თუ შენ ფსიქოლოგიურად მზად არ ხარ შესაძლოა საბოლოოდ გატყდე, თუმცა მენდიეტა ძლიერი აღმოჩნდა: “ფეხბურთი ასეთია. შემდეგი გამოწვევა, იქნება ეს ვარჯიში, ფინალში თამაში, თუ ჩვეულებრივი მატჩი, თქვენ უნდა შეეცადოთ, რომ უკეთესები იყოთ. ისეთ გუნდებს, როგორიც ვალენსიაა, ხშირად არ ეძლევათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსები, ისინი ბარსას არ გვანან.”

"ინტერვიუს დასრულებისას მენდიეტამ კიდევ ერთხელ გამომიწოდა ხელი და მადლობა გადამიხადა იმის გამო, რომ თავისი მუსიკის შესახებ კითხვა დავუსვი. ცოტა ხნის შემდეგ ის პასებს უკეთებდა რონალდინიოს და რივალდოს," - წერს ნიკ ელიოტი.

კომენტარები

ბოლო ამბები