Thumbnail

6 ერი - იტალია ხის კოვზს მიუახლოვდა, უელსმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უელსი 38:14 იტალია.
  • უელსელებმა იტალიასთან გამარჯვებით მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.
  • უელსი ბოლო მატჩს საფრანგეთთან გამართავს, იტალია შოტლანდიასთან.

ექვსი ერის მეოთხე ტური უელსისა და იტალიის მატჩით დასრულდა. ირლანდიელების შოტლანდიასთან გამარჯვებამ და ინგლისის საფრანგეთთან მარცხმა - უელსს შანსი მისცა, იტალიასთან ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ადგილზე გადასულიყო.

► ირლანდია ექვსი ერის ჩემპიონია, სამყურებმა ტიტული ერთი ტურით ადრე გაინაღდეს

მასპინძლებმა სტუმართა რბევა პირველივე წუთებიდანვე დაიწყეს. უელსი მე-3 წუთზე ჰედლი პარკსის ლელოთი დაწინაურდა, რასაც ორ წუთში იტალიელთა ჩათვლის მოედანში ჯორჯ ნორთის ლელო მოჰყვა. ორივე შემთხვევაში გარეთ ენსკომბის გარდასახვა ზუსტი იყო. იტალიელებმა საპასუხო ლელო მალევე დადეს - მატეო მინოცის ლელო ტომაზო ალანმა გარდასახა. ტაიმის მიწურულს ენსკომბმა უკვე ჯარიმა გაიტანა. უელსმა პირველი ტაიმი 17:7 მოიგო.

მეორე ტაიმი უელსმა 14 კაცითა და ლელოთი დაიწყო - ლიამ უილიამსი გაასინბინეს, ხოლო 42-ე წუთზე კორი ჰილმა ლელო დადო. ენსკომბმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა. 48-ე წუთზე კიდევ ერთი უელსელი გაასინბინეს - მასპინძელთა ცხრა ნომერმა გარეთ დევისმა ათი წუთი დაისვენა. 65-ე წუთზე ჯორჯ ნორთიმ ლელო დადო და დუბლი შეასრულა. 5-წუთში ჯასტინ ტიპურიკმა იტალიას კიდევ ერთი ლელო დაუდო. ლი ჰალფპენმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. საბოლო ანგარიში მატია ბელინის ლელოთი და კარლო კანას გარდასახვით დაფიქსირდა. უელსმა მატჩი 38:14 მოიგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჰედლი პარკსი გახდა.

უელსმა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მათი მეტოქე ბოლო ტურში საფრანგეთი იქნება. იტალია ბოლო ტურში შოტლანდიას ხვდება. თუ აძური ამ მატჩს წააგებს, მეთოთხმეტედ დაეუფლება ხის კოვზს.

ხის კოვზს გადასცემენ იმ ნაკრებს, რომელიც ექვს ერში ყველა მატჩს წააგებს.

ექვსი ერის ბოლო ტური 17 მარტს გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები