Thumbnail

ხელფასის შემცირებაზე შალკეშიც დათანხმდნენ - კლუბი მილიონებს დაზოგავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

გელზენკირხენის შალკეს ფეხბურთელებმა და ხელმძღვანელებმა (მათ შორის სამწვრთნელო შტაბმაც) გადაწყვიტეს, რომ უახლოეს სამ თვეში ნაკლები ხელფასი აიღონ და პრემიებზე უარი თქვან - ეს ინფორმაცია გელზენკირხენულმა კლუბმა დღეს დაადასტურა. გადაწყვეტილება ძალაშია 2020 წლის 30 ივნისამდე. ამით კლუბში დაახლოებით 600-მდე ადამიანს სამუშაო ადგილი და შემოსავალი შეუნარჩუნდება.

შალკეს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბისთვის, რომელმაც 2019 წელი 26,1-მილიონიანი მინუსით დაასრულა, ეს ძალიან დიდი შეღავათია.

“როდესაც ხელმძღვანელებმა მოთამაშეებს აქტუალური ფინანსური მდგომარეობისა და ახლო მომავლის მოლოდინების შესახებ შეატყობინეს, ისინი მაშინვე დათანხმდნენ თანადგომას. შალკეს ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ეს კლუბი მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს,” - განაცხადა გელზენკირხენელთა სპორტულმა დირექტორმა იოხენ შნაიდერმა. მისი თქმით, თუ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი უფრო დიდხანს გაგრძელდება, შალკეში მზად არიან, ხელფასის ნაწილზე მომავალშიც უარი თქვან.

გერმანიაში კორონავირუსის 49 344 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 304 და გამოჯანმრთელდა 5 673 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 25 262 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 128 754.

კომენტარები

ბოლო ამბები