Thumbnail

‘ფეხბურთი ფულის გამო არასდროს მითამაშია’ - როგორ შეიცვალა მეჰმეთ შოლის ცხოვრება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მეჰმეთ შოლი 90-იან წლებში გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავი იყო
  • 1996 წელს ის გერმანიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა
  • თავის დროზე Porsche 911 ჰყავდა, ახლა კი იაფფასიანი Dacia-ს სახეა
  • მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, მეჰმეთმა ბევრი რამ გადააფასა
  • გერმანულ Auto Bild-თან ინტერვიუში შოლმა ყველაფერზე გულახდილად ისაუბრა

ცნობილი ადამიანები თითქმის ყველაფრის რეკლამას აკეთებენ. უმეტესად ეს ჩვეულებრივი რაღაცების რეკლამებია ხოლმე - ყავა (ჯორჯ კლუნი), კოკა კოლა (მანუელ ნოიერი) და ა.შ. თუმცა არსებობს განსაკუთრებული სიმბიოზებიც. მაგალითად, ბალკანური ავტომობილი და მიუნხენის ბაიერნისა და გერმანული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი. მეჰმეთ შოლი (უკვე 49 წლისაა) რუმინული ავტომწარმოებლის, დაჩიას სახეა. კაცი, რომელიც ახლო წარსულში მილიონებს იღებდა, გერმანიაში ყველაზე იაფფასიან მანქანას არეკლამებს. მარკეტინგული დევიზიც ძალიან თამამი აქვთ: "სტატუსის სიმბოლო ყველასათვის, ვისაც სტატუსის სიმბოლო არ სჭირდება." ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მეჰმეთ შოლთან ერთად მიუნხენში, მისი დაჩიათი გაისეირნეს...

AUTO BILD: ჰერ შოლ, არ მოგვატყუოთ: საიდუმლოდ პორშეთი დადიხართ, არა?

მეჰმეთ შოლი: 911 მართლაც მყავდა. 1997 წელს, როცა ცოლს გავშორდი. ჩემი ყოფილი მეუღლე პორშეს და სხვა ძვირფასი მანქანების წინააღმდეგი იყო - ზუსტად ისე, როგორც ახლა მე ვარ. ჰოდა, როცა მას გავშორდი, პირველი, რაც გავაკეთე, სწორედ პორშეს შეძენა იყო. ის 911 ორი წელი მყავდა.

AUTO BILD ...და რა მოგცათ პორშემ?

შოლი: დაახლოებით 1-2 თვე ბედნიერი ვიყავი. მერე ისევ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, მანქანა სანდო იყოს და A პუნქტიდან B პუნტქამდე უსაფრთხოდ, ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე მიმიყვანოს. მანქანისგან მეტს არაფერს ვითხოვ.

მეჰმეთ შოლი და მისი რუმინული ავტომობილი 'დაჩია დასტერი'

AUTO BILD: რამდენად ხშირად მართავთ Dacia Duster-ს?

შოლი: თვეში 3-4-ჯერ. მიუნხენში Live-კლუბი მაქვს, რომლისთვისაც Lodgy მირჩევნია.

AUTO BILD: ეს დაჩიას საოჯახო ვენია, რომელიც ახალი მხოლოდ 11 000 ევრო ღირს. გასაგებია, რომ მანქანებში ფულის გადახდა არ გიყვართ. რაში იხდით ფულს დიდი სიამოვნებით?

შოლი: კარგ რესტორანში, ზოგადად სიამოვნების მიღებაში. არის სამი რაღაც, რაშიც ფულს არასდროს ვზოგავ: კვება, ცხოვრება, მოგზაურობა.

AUTO BILD: ანუ, უფრო არამატერიალურ რაღაცებში...

შოლი: ჰო. მაგალითად, ჩემი ყველა ძვირფასი საათიც გავეცი. სამი წლის წინ ახალ სახლში გადავედი და ძველი სახლიდან თითქმის არაფერი წამიღია.

მეჰმეთ შოლი ახლა მიუნხენის ცენტრში ცხოვრობს. ჰყავს მეგობარი ქალი. მის ყოფილ სახლში მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობს - იოგას მასწავლებელთან ერთად. შესაბამისად, მეჰმეთს იოგაზე ლაპარაკი არ უყვარს. თუმცა ამ თემას მერე დავუბრუნდებით.

AUTO BILD: მეუღლესთან დაშორებას რომ თავი დავანებოთ, ყოფილ ნივთებთან დამშვიდობებამ გაგათავისუფლათ?

შოლი: დიახ! კარგია, როცა ყველაფრისგან თავისუფლდები. ძველი ტანსაცმელიც კი დავტოვე. არაფერი წამომიღია.

AUTO BILD: მინიმალისტი ხართ?

შოლი: მე ასე არ ვიტყოდი. უბრალოდ, ცხოვრებაში დავიტოვე მხოლოდ ის, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია - ჩემი შვილები და მათთან გატარებული დრო, სხვა კარგი ადამიანები, სიამოვნების მიღება. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ფეხბურთის ყოფილ ვარსკვლავს გლამურული ცხოვრება აქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის.

AUTO BILD: ადრე სხვანაირად იყო?

შოლი: ჰო, 22-23 წლის ასაკში ნამდვილად. მერე მივხვდი, რომ ე.წ. შამპანურის კლუბში ჩემი ადგილი არ იყო.

შოლმა კარიერის უდიდესი ნაწილი და საუკეთესო წლები მიუნხენის ბაიერნში გაატარა - 334 მატჩი, 87 გოლი

AUTO BILD: იქნებ ამას თქვენს წარმოშობასთან აქვს კავშირი?

შოლი: შესაძლოა. მე შესანიშნავი ოჯახიდან ვარ. ჩვენს ოჯახში ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ განათლებას და კარგ ურთიერთობებს. თუმცა მდიდრები არ ვიყავით. ჩემი მამობილი მასწავლებელი იყო, დედაჩემი - ფიზიოთერაპევტი. სამწუხაროდ, ორივე ადრე გარდაიცვალა. დედაჩემმა მხოლოდ 59 წლამდე იცოცხლა.

AUTO BILD: თქვენი ნამდვილი მამა თურქი იყო.

შოლი: ის თურქეთში გაიქცა და 100 000 გერმანული მარკის ოდენობის ვალი დაგვიტოვა. ჩემთვის ნამდვილი მამა ის კაცი გახდა, ვინც დედაჩემი შეიყვარა. წარმოიდგინეთ, შვებულებაში სამოგზაუროდ პირველად 16 წლის ასაკში წავედი. კორსიკაზე. და თავდავიწყებით შემიყვარდა ფრანგი გოგონა. პრობლემა ის იყო, რომ მხოლოდ მე შემიყვარდა.

'ჩემს ცხოვრებაში დავტოვე მხოლოდ ის, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია - ჩემი შვილები და სხვა კარგი ადამიანები'

AUTO BILD: რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთში სტატუსის სიმბოლოები?

შოლი: ბევრი რამ შეიცვალა. ცხადია, ჩვენც გვქონდა ძვირფასი საათები და კარგი ტანსაცმელი, მაგრამ დღეს ფეხბურთში გაცილებით მეტი ფული ტრიალებს და ფეხბურთელები ადრეულ ასაკშივე შოულობენ მილიონებს. თანაც, შემოსავალი უფრო და უფრო ემატებათ. არ მშურს, უბრალოდ არა მგონია, სწორი იყოს ის, რომ საშუალო დონის ფეხბურთელს უკვე პირადი თვითმფრინავი ჰყავს. სტატუსი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადრე იყო.

AUTO BILD: არადა, ცნობილები არიან და წესით არ უნდა ჭირდებოდეთ...

შოლი: როცა არ იციან, ვინ არიან, მაშინ ცდილობენ, რომ რაღაც იყვნენ.

AUTO BILD: არსებობენ სხვა ახალგაზრდა ადამიანები, რომელთათვისაც სტატუსის სიმბოლო კი არ არის მთავარი, არამედ ეკოლოგია...

შოლი: კი, მინახავს. წვეულებებზე ტექნოს უსმენენ და party-ს შემდეგ იქ ნაგავი ყრია.

AUTO BILD: გახსოვთ ის მომენტი, როცა საბანკო ანგარიშზე პირველი მილიონი გქონდათ?

შოლი: არა. ფეხბურთი ფულის გამო არასდროს მითამაშია. ბაიერნთან ყოველთვის პრაქტიკული მოლაპარაკებები მქონდა. უნდა ვთქვა, რომ მათი ჩემდამი მიდგომა ყოველთვის სამართლიანი იყო.

დღესდღეობით მეჰმეთ შოლი მუსიკის ბიზნესშია, ინდი-როკის ლეიბლი აქვს და გადაცემა რადიოში.

AUTO BILD: ბუნება თქვენთვის მნიშვნელოვანია?

შოლი: ჰო, მაგრამ რამდენიმე რაღაც ვისწავლე: ჩემი ადგილი არც ოკეანეზეა და არც ყველაზე მაღალ მთაზე. არც იდოეთში წასვლა მჭირდება მედიტაციისთვის. ერთხელ, იოგას ცენტრის წინ, რესტორანში ვიჯექი და იქაურობას ვაკვირდებოდი. 10 ველოსიპედი იდგა. და როცა იოგადან გამოდიოდნენ, პირველ რიგში მობილურ ტელეფონებს რთავდნენ და დიდხანს უყურებდნენ. მერე, როცა შუქნიშანზე მათ წინ, მწვანე შუქზე ვინმე სწრაფად არ წავა, ალბათ აგრესიულები ხდებიან. დღეს ყველას ეუბნებიან, რომ პროფესიულად, სულიერად და ვიზუალურად ოპტიმირება სჭირდებათ - რა სისულელეა.

მანქანას მშვიდად მართავს. როგორც წესი, ასეთი ვარსკვლავები გაცილებით მდიდრული ავტომობილებით დადიან

AUTO BILD: თქვენ შუქნიშანზე ბუნებრივად ხართ მშვიდად?

შოლი: ძალიან მშვიდად ვარ ხოლმე. რამდენიმე წლის წინ საჭესთან ტელეფონზე ლაპარაკის გამო ბევრჯერ დავჯარიმდი. მერე ავტომობილის სულ სხვანაირ მართვას მივეჩვიე. მშვიდს.

მოსახვევებიან გზაზე გადავედით. მეჰმეთ შოლი გვეუბნება, რომ ასეთ გზებზე მანქანაში ჯდომა არ სიამოვნებს. თან, საღამოსთვის სუში აქვს შეკვეთილი და გვთხოვს, უკან დავბრუნდეთ.

AUTO BILD: წელს ან შარშან არ დაჯარიმებულხართ?

შოლი: მხოლოდ ერთხელ. შემოდგომაზე დასაშვებ სისწრაფეს 31 კმ/სთ-ით გადავაჭარბე. მართვის მოწმობა ერთი თვით ჩამომართვეს. როგორც უკვე გითხარით, ავტო-freak არ ვარ. მანქანა უნდა იყოს უსაფრთხო, სანდო - ბავშვებს რომ რამე არ მოუვიდეთ.

მეჰმეთ შოლი დასტერის საჭესთან დაჯდა, მოატრიალა და მიუნხენისკენ წავიდა.

📌 მეჰმეთ შოლი
დაიბადა 1970 წელს, გერმანიის ქალაქ კარლსრუეში. თამაშობდა კარლსრუეში და მიუნხენის ბაიერნში. 1996 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. წარმოშობით თურქია. შოლი მისი გერმანელი მამინაცვლის გვარია.

📺 ვიდეო: მეჰმეთ შოლის კარიერის საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები