Thumbnail

‘იქნებ, ვინმემ მოგვისმინოს’ – შაფათავას პეტიციას 650 ხელმომწერი ჰყავს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ (მსოფლიო რეიტინგში 371-ე ადგილი უკავია) პეტიცია გაავრცელა, რომლის მიზანიც WTA-ს, ATP-სა და ITF-ს ხელმძღვანელთა ყურადღების მიპყრობაა.

პეტიციის ხელმომწერები (ასეთი კი უკვე 650-მდეა) ითხოვენ, შესაბამისი ყურადღება მიექცეთ დაბალრეიტინგიან ჩოგბურთელებს, რომლებიც კორონავირუსის დროს შემოსავლების გარეშე არიან დარჩენილნი.

აი, განცხადება, რომელიც შაფათავას ეკუთვნის.

“კოლეგებთან ერთად ჩვენი უახლოესი მომავლის შესახებ ბევრს ვსაუბრობთ. იმ ჩოგბურთელებს, რომლებიც კლასიფიკაციის დაბალ საფეხურებზე ვიმყოფებით, დიდი ფულადი რესურსები ნამდვილად არ გაგვაჩნია, ამდენად, ეს, ძალიან მტკივნეული თემაა.

ჩვეულებრივ, დამატებითი შემოსავლის მიღების რაღაც შანსი კიდევ არსებობს. ზოგი ვარჯიშებს ატარებს, ზოგი კლუბებში თამაშობს, ახლა კი, როდესაც საზღვრები დაკეტილია, ესეც აღარ არსებობს.

არანაირი გარანტიები არ გვაქვს და არც არავინ გვეხმარება. მჯერა, საქმე შიმშილობამდე არ მივა, თუმცა, გადასახადების გადახდა სულ უფრო გაჭირდება.

მოთამაშეებზე პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აიღოს, ჩვენ ხომ გარკვეულწილად დაქიარავებული მუშაკები ვართ. ისედაც ცოტას ვიღებთ, კრიზისული პერიოდი კი უფრო რთულ ვითარებაში გვაგდებს.

ამ ფონზე ჩვენზე არავინ ზრუნავს. საშინელი გრძნობაა და ასე მხოლოდ მე არ ვარ. პეტიცია – მცდელობაა, რომ ვინმემ მოგვისმინოს.

ვიცი, რომ მსოფლიოში გაცილებით დიდი პრობლემებია, ვიდრე – ჩოგბურთი და ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, თუმცა, 1 დიდი პრობლემა სხვა პატარა პრობლემებს არ უნდა ფარავდეს”.

როგორც აღვნიშნეთ, შაფათავას WTA-ს კლასიფიკაციაში 371-ე ადგილი უკავია, კარიერის პიკი კი 2015 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც 132-ე პოზიციას უწია.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით უკვე 550 300 ადამიანია ინფიცირებული - გარდაიცვალა 24 903 და გამოჯანმრთელდა 128 701.

კომენტარები

ბოლო ამბები