Thumbnail

კორონავირუსი | მარკო მატერაცი იმ მაისურას ყიდის, 2006 წლის ფინალში რომ ეცვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი, მარკო მატერაცი იმ მაისურას ყიდის, რომლითაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა და ჩემპიონიც გახდა. 46 წლის იტალიელი, რომელმაც გერმანიაში გამართული მუნდიალის ფინალში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, მიღებულ თანხას კორონავირუსის ეპიდამიასთან ბრძოლას მოახმარს.

შეგახსენებთ, რომ ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ფინალში ერთმანეთს იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. უკვე მე-7 წუთზე მარკოს ფოლს "სკუადრა აძურას" კარში 11-მეტრიანი მოჰყვა, რომელიც ზინედინ ზიდანმა გაიტანა. მე-19 წუთზე თავად მატერაციმაც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი, 110-ე წუთზე, იტალიელმა მცველმა ფრანგთა ლიდერის პროვოცირება შეძლო. ამ უკანასკნელმა მარკოს თავი ჩაარტყა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. ბევრი ქომაგისა და ანალიტიკოსის აზრით, ამ ეპიზოდმა ფინალის ბედი დიდწილად გადაწყვიტა, საბოლოოდ კი იტალიის ნაკრებმა პენალტების სერიაში ანგარიშით 5:3 გაიმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონობა ისტორიაში მეოთხედ იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ მარკო მატერაციმ მხარი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონ "სკუადრა აძურაში" თავისი პარტნიორების ქველმოქმედებას აუბა, რომლებმაც კორონავირუსთან საბრძოლველად იტალიური "წითელი ჯვრის" ფონდში თანხის ჩარიცხვა გადაწყვიტეს.

კორონავირუსმა გასული წლის ბოლოს, ჩინეთში იფეთქა, პანდემიის შესახებ კი 11 მარტს გამოცხადდა. საშიშმა ვირუსმა 150-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა და 530 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. დაფიქსირდა გარდაცვალების 24 ათასზე მეტი შემთხვევა, 122 ათაზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ვითარება განსაკუთრებით მძიმე იტალიაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები