Thumbnail

‘ეს იდეალური დარტყმა იყო’ – დი კანიოს შედევრიდან 20 წელი გავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘ზუსტად ის წამი დავიჭირე, როდესაც ბურთი საჭირო სიმაღლეზე დაეშვა’
  • იტალიელმა თავდამსხმელმა დაუვიწყარი გოლი 2000 წლის 26 მარტს გაიტანა

ზუსტად 20 წლის წინ, 2000 წლის 26 მარტს ლონდონის ვესტ ჰემის ვარსკვლავმა პაოლო დი კანიომ გაიტანა გოლი, რომელიც პრემიერლიგის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ რჩება და პრინციპში, ანალოგი არ გააჩნია.

იტალიელმა თავდამსხმელმა შედევრი უიმბლდონთან მატჩში შექმნა. დი კანიომ ტრევორ სინკლერის ჩაწოდების შემდეგ, ბურთს მინდორზე დაშვება არ აცალა, ჰაერიდანვე მაკრატელა დაარტყა და “ბოლეინ გრაუნდზე” (იგივე "აპტონ პარკი") შეკრებილი პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანა.

ვესტ ჰემმა, რომელსაც ჰარი რედნაპი ხელმძღვანელობდა, 2:1 მოიგო, უიმბლდონი კი, იმ სეზონის შედეგებით, პრემიერლიგას დაემშვიდობა.

უიმბლდონელთა მეკარე ნილ სალივანი მოგვიანებით გამოტყდა, რომ მას ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონდა:

“რატომ? იმიტომ, რომ პაოლოს დარტყმას ნაკლი არ ჰქონია".

თავად დი კანიომ დაუვიწყარი მომენტი ამგვარად აღწერა:

“მესმის, ამ გოლს ასე ხშირად რატომ ატრიალებენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იდეალური დარტყმა იყო, სირთულის კოეფიციენტით 99%. ინსტიქტებს მივენდე და ზუსტად ის წამი დავიჭირე, როდესაც ბურთი საჭირო სიმაღლეზე დაეშვა”.

კომენტარები

ბოლო ამბები