Thumbnail
  • ივნისში თბილისი სავარაუდოდ ევროს პლეი ოფს მასპინძლობს
  • საქართველოს ნაკრების სტატისტიკა და საინტერესო ფაქტები ივნისში
  • ყველაფერი მთავარ თამაშზე

დღეს, 26 მარტს "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი უნდა გაემართა - ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალი ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ, მაგრამ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ პლეი ოფი სავარაუდოდ ივნისისთვის გადადო.

უეფა აპრილში კიდევ ერთხელ მიუბრუნდება ამ საკითხს და გადაწყვეტს ჩატარდეს თუ არა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები ივნისში თუ კიდევ გადავადდეს, ყველაფერი ევროპაში არსებულ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ვიყოთ ოპტიმისტები - რეალური შანსია, რომ მატჩები ივნისში ჩატარდეს, სავარაუდოდ, 4 და 9 ივნისს

საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ივნისში

საქართველოს ნაკრებს 27 მაისს 30 წელი შეუსრულდება, ამ ხნის განმავლობაში გუნდმა სულ 235 მატჩი გამართა, რომელთაგანაც 71 მოიგო, 49 ფრედ დაასრულა და 115 დათმო. ვნახოთ, როგორ თამაშობს ქვეყნის პირველი გუნდი ივნისის თვეში.

ისტორიული გამარჯვება 'ალფონსო პერესზე'. 2016 წ.

ივნისში საქართველოს ნაკრებმა სულ 30 მატჩი გამართა. სტატისტიკა არასახარბიელოა - გუნდმა მხოლოდ 7 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 20 წააგო. თუ საშუალოდ ეროვნული გუნდი თამაშების 30.2%-ს იგებს, ივნისში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 23.3%-ია. 

ეროვნული ნაკრების გამარჯვებები 

სულ: 30.2%

ივნისში: 23.3%

ივნისში (ოფიციალური): 20.0%

ახლა ამას გამოვაკლოს ამხანაგური მატჩები და მხოლოდ ოფიციალურები დავტოვოთ - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო დაპირისპირებები. 

სულ საქართველოს ნაკრებმა ივნისის თვეში 15 ოფიციალური მატჩი ითამაშა, მოიგო 3, ერთი ფრედ დაასრულა და 11 დათმო. მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი 20-მდე შემცირდა. 

საქართველომ გიბრალტარს 3:0 მოუგო. 2019 წ.

რადგან ივნისში შინ ვთამაშობთ, დავტოვოთ მხოლოდ საშინაო ოფიციალური მატჩები - ასეთი მატჩი ძალიან ცოტა იყო - 4. ნაკრებმა ორი მოიგო და ორი დათმო. 1997 წელს საქართველოს ნაკრებმა 1998 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში მოლდოვა 2:0 დაამარცხა, ხოლო შარშან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო დაპირისპირებაში გიბრალტარს 3:0 მოუგო, სულ ეს არის ჩვენი ოფიციალური გამარჯვებები ივნისში. 

საქართველოს ნაკრები ივნისში. საინტერესო ფაქტები

⚽ ივნისში პირველად ნაკრებმა 1994 წელს ითამაშა, ნიგერიაში ამხანაგური თამაში 1:5 წააგო. 

⚽ პირველი გამარჯვებაც იმავე თვეს მოვახერხეთ, 3:1 რიგაში ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ.

⚽ პირველი ოფიციალური მატჩი ივნისში - 1995 წელს საქართველოს ნაკრებმა კარდიფში უელსი გიორგი ქინქლაძის სუპერგოლით დაამარცხა - 1:0.  

⚽ 2001 წლის 2 ივნისს საქართველოს ნაკრებს თბილისში იტალიამ 2:1 მოუგო 2002 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში. ერთი გოლი ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა.  

⚽ ივნისში 4-ბურთიანი სხვაობით ნაკრებს წაგებული აქვს: დანიასთან, პოლონეთთან, რუმინეთთან, ირლანდიათან და ნიგერიასთან. 

⚽ 2016 წლის ივნისში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ამხანაგური მატჩი 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი ოქრიაშვილმა გაიტანა. 

⚽ დიდი ანგარიშით გამარჯვებები ივნისში: სენტ კიტსთან და გიბრალტართან - 3:0. 

კომენტარები

ბოლო ამბები