Thumbnail

პრინც ჩარლზთან შეხვედრის გამო ენტონი ჯოშუა კარანტინშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კრივის ბრიტანელი მსოფლიოს ჩემპიონი ენტონი ჯოშუა თვითიზოლაციურ კარანტინშია. 30 წლის მოკრივემ ეს გადაწყვეტილება მას პრინც ჩარლზთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, რადგან ამ უკანასკნელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

“AJ სახლშია და კარანტინის ყველა წესს იცავს. იგი ითვალისწინებს მთავრობის რჩევებს. ჯოშუა თავს კარგად გრძნობს, კორონავირუსით ინფიცირებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და ექიმებს მადლობას უხდის,” - განუცხადა სამგზის ჩემპიონის მრჩეველმა ‘დეილი მეილს’.

71 წლის ჩარლზი, რომელიც დედოფალ ელიზაბეთ II-ის უფროსი ვაჟია, კარანტინში შოტლანდიაში იმყოფება. ჯოშუა მას 9 მარტს შეხვდა. IBF-ის, WBA-სა და WBO-ს ჩემპიონმა თავისი ქამარი წესით 20 ივნისს, ლონდონში, ბულგარელ კუბრატ პულევთან ბრძოლაში უნდა დაიცვას, მაგრამ დიდი შანსია, რომ ეს ბრძოლა კორონავირუსის გამო გაუქმდეს ან გადაიდოს.

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 9 529 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 465 და გამოჯანმრთელდა 135 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული - გარდაიცვალა 21 302 და გამოჯანმრთელდა 114 714 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები