Thumbnail

‘დედასთან წავიდა და ახლა, აუზთან ირუჯება’ – რონალდოს ტყუილში ადანაშაულებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა (2006-09) პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მკაცრად გააკრიტიკა გუნდის ფეხბურთელები, რომელთაც კორონავირუსის დროს, იტალია დატოვეს და თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ.

“შეიძლება, ახლა, კრიტიკის დრო არ არის, თუმცა, არ მესმის ისინი რატომ წავიდნენ.

იმედი მაქვს, ფეხბურთელები მალე დაბრუნდებიან, თუმცა, ვარჯიშის განახლება ნამდვილად გაუჭირდებათ, რადგანაც 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

იუვენტუსში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც რონალდო წავიდა.

მან თქვა, რომ შეუძლოდ მყოფ დედასთან მიემგზავრებოდა, ახლა კი, აუზთან არის წამოკოტრიალებული და ირუჯება. გამოდის, მოგვატყუა.

კრიშტიანოს მიმართ დათმობაზე რომ წავედით, მერე იგივე იგუაინმა მოინდომა, შემდეგ სხვებმაც განთავისუფლება ითხოვეს და სიტუაცია უმართავი გახდა.

ისინი იუვენტუსის განკარგულებაში უნდა დარჩენილიყვნენ. მაგალითად, ინტერის ფეხბურთელები არსად წასულან.

მენატრება ის დრო, როდესაც კლუბს ჯანი ანიელი, უმბერტო ანიელი და ბონიპერტი მართავდნენ. აი, მაშინ კლუბში დისციპლინა იყო.

მახსოვს, ბონიპერტის შიშით ფეხბურთელები გრძელ თმასაც კი ვერ ატარებდნენ”.

ცნობისთვის, იტალია იმ ქვეყანათა რიგშია, რომლებიც პანდემიის გამო, ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამ დროისთვის, იტალიაში 74 386 ადამიანია ინფიცირებული, 7 503 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები