Thumbnail
  • L'Équipe-მა შარშანდელ Top 50 ახალგაზრდა ფეხბურთელს ახალი სტატია მიუძღვნა
  • რას წერს ფრანგული გამოცემა გიორგი ჩაკვეტაძეზე

L'Équipe-მა 2018/19 წლების საფეხბურთო სეზონის შემდეგ მსოფლიოს Top 50 ახალგაზრდა (20 წლამდე ასაკის) ფეხბურთელი დაასახელა და სიაში ქართველი გიორგი ჩაკვეტაძეც იყო. გენტის ნახევარმცველი 47-ე ადგილზე მოხვდა. 

ჩაკვეტაძეს მართლაც შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ლიდერი იყო, ბელგიაში - გენტის. ბელგიაში მან 31 მატჩში 6 გოლი და 9 საგოლე პასი (ყველა ტურნირი) მიითვალა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო პრობლემური ჰქონდა.

ახლახან ეკიპმა შარშანდელი ნომინანტები მოიკითხა, ვინ გაამართლა, ვინ ვერა და ისინი თავიანთი ბოლოდროინდელი მიღწევების მიხედვით დაახარისხა.

სანჩო და ჰაალანდი, დღეს ისინი გუნდელები არიან

აღმოჩნდა, რომ საუკეთესოდ თამაშობს ერლინგ ჰაალანდი, რომელიც "ეკიპმა" სიაში ბოლო, 50-ე ადგილით შეიყვანა. დორტმუნდში ნორვეგიელს 11 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. ასევე საუკეთესოთა შორისაა ჯეიდონ სანჩო, ვინც სიაში მე-2 ნომერი იყო. ინგლისელმა ბუნდესლიგის 23 მატჩში 30 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ჰაალანდი და სანჩო საფეხბურთო ობსერვატორია CIES-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ სიაში ორი ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზდაა.

დევიდის აქციებმა მოიმატა, ჩაკვეტაძეს ხელი ტრავმამ შეუშალა 

საუკეთესოთა შორის არიან ჯასტინ კლუივერტი (რომა, სიაში მე-17 ნომერი), გიორგი ჩაკვეტაძის გუნდელი გენტში, კანადელი ჯონათან დევიდი (32-ე), ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი, 41). ასევე შესანიშნავი სეზონი აქვს დონიელ მალენს (პსვ, 49). მალენსა და ნიკოლო ძანიოლოს (რომა, მე-6) არ გაუმართლათ - სერიოზული ტრავმები მიიღეს, თუმცა სეზონი ორივემ ფანტასტიკურად დაიწყო.

მატეის დე ლიხტი პირველი ნომერი იყო, მას პირველი სეზონი იუვენტუსის შემადგენლობაში მთლად კარგი ვერ გამოუვიდა. კაი ჰავერცმაც (ლევერკუზენი, 3) მოუკლო. 

ჟოაო ფელიქსი სიაში მე-4 ნომერი იყო, თუმცა "ეკიპს" მიაჩნია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ამ სეზონში. ვერ ამართლებენ რეალის ბრაზილიელებიც, როდრიგო (28) და ვინისიუსი (8), მოიზე კინმა (7) კი ევერტონში ფეხი ვერ მოიკიდა. 

"ეკიპმა" ცალკე კატეგორიაში ის ფეხბურთელები მოათავსა, რომელთაც ობიექტურად ვერ შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა - რისი მიზეზიც სერიოზული ტრავმებია - ჩაკვეტაძე სწორედ ამ სიაშია, იბრაჰიმა კონატესთან, ესეკიელ ბარკოსთან და სხვებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ახლახან უეფამ დაასახელა ამ სეზონის TOP 50 ტალანტი და სიაში ზურიკო დავითაშვილიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები