Thumbnail
  • 2008 წლის 5 მარტს მანუელ ნოიერმა კარიერის მატჩი ჩაატარა
  • მან პორტუსთან ყველაფერი მოიგერია, რაც მოსაგერიებელი იყო
  • მანუს სასწაულები ერთ, ძალიან კარგ ვიდეოშია თავმოყრილი

საინტერესოა, რას საქმიანობს დღეს ტარიკ სეკტიუი. ორი კლიკი გუგლში და ვნახავთ, რომ ის ახლა 42 წლისაა და მაროკოს პირველი ლიგის გუნდს, ბერკანს წვრთნის. მისი გუნდი მეოთხე ადგილზეა.

საინტერესოა, იხსენებს თუ არა სეკტიუი ხანდახან 2008 წლის 5 მარტს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ თარიღის დაგუგლვა საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ იპოვოთ ის, რაც ახლა უნდა გაგახსენოთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ტარიკს ის დღე კარგად ახსოვს.

ტარიკ სეკტიუი შალკესთან მატჩის დროს (2008)

2008 წლის 5 მარტს, პორტუს ფეხბურთელ ტარიკ სეკტიუის ორჯერ ჰქონდა ბრწყინვალე შანსი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში შალკესთვის გოლი გაეტანა. გოლი, რომელიც პორტუგალიური კლუბისთვის, შესაძლოა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ყოფილიყო. პირველი მატჩი შალკეს გელზენკირხენში 1:0 ჰქონდა მოგებული. მაგრამ სეკტიუიმ ვერცერთი მომენტი ვერ გამოიყენა. მას ორივეჯერ მანუელ ნოიერმა აუღო.

ეს და იმ მატჩის კიდევ ბევრი მომენტი შეგიძლიათ, იუთუბიზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ნახოთ, რომელიც ასეთი სახელით იძებნება: ​„Manuel Neuer – One Man Show vs. Porto“ (მანუელ ნოიერი - ერთი კაცის შოუ პორტუს წინააღმდეგ). და ეს ზედგამოჭრილი სახელია, რადგან ის ყველაფერი, რაც იმ საღამოს შალკეს მეკარემ გააკეთა, შესაძლოა, მართლაც ყველა დროის საუკეთესო One Man Show იყოს ფეხბურთში.

მანუელ ნოიერმა შალკე მეოთხედფინალშ, ფაქტობრივად, მარტომ გაიყვანა

ვიდეოს, რომელშიც ნოიერი სასწაულებს აკეთებს და ფაქტობრივად მარტოს გაჰყავს შალკე მეოთხედფინალში, ფონად Muse-ის Yes Please გასდევს. ფერები კი, რითაც ეს ვიდეოა გაფორმებული, ძველ იტალო-ვესტერნებს მოგაგონებთ. 

იმ თამაშში ნოიერმა ერთი გოლი მაინც გაუშვა, ოღონდ ეს გოლი ვიდეოში არ არის. სწორედ ლისანდრო ლოპესის ამ გოლით (86-ე წუთზე) გადავიდა თამაში დამატებით დროში და მივიდა პენალტების სერიამდე.

ბრუნო ალვეშის პენალტზე მანუ დიდხანს დარჩა ფეხზე და სუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მუშტებით მოიგერია. ეს იმ საღამოს ნოიერისთვის თითქოს ყველაზე ადვილი სეივი გამოვიდა. აი, ლისანდრო ლოპესის პენალტი კი ძალიან კარგად იყო შესრულებული - ამჯერად ნოიერი აღარ დაელოდა, კუთხე გამოიცნო და მარჯვენა ხელით ბურთი შესანიშნავად მოიგერია. მერე იყო შალკეს ნახევარმცველის, ჯერმეინ ჯონსის აუღებელი პენალტი და შალკე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ამ დროს ვიდეოში Muse-ის Yes Please უკვე დიდი ხნის დამთავრებულია და არმაგედონის საუნდტრეკი მიდის. უხდება იმ ყველაფერს, რაც მანუელ ნოიერმა იმ საღამოს გააკეთა.

ვიდეოს ბოლო წამებში ბედნიერი შალკელების სახეებია. კიდევ ერთხელ ვხედავთ თვალცრემლიან ტარიკ სეკტიუისაც. პორტუს მწვრთნელმა ჟესუალდო ფერეირამ ის საუკეთესო შანსის განიავების შემდეგ გაიყვანა. ეს ვიდეო მარტო ჩვენ არ მოგვწონს - იუთუბზე 2 500 000 ნახვა აქვს. ეს ვიდეო მანუელ ნოიერის ოფიციალურ ვებგვერდზეც იდო. ტარიკ სეკტიუის კი ალბათ თავის ბრაუზერში დაბლოკილი აქვს…

📺 ვიდეო: მანუელ ნოიერი V პორტუ (2008)

P.S. იმ შალკეში ლევან კობიაშვილიც თამაშობდა, პორტუსთან ძირითად შემადგენლობაში იყო და ამ სტატიის მთავარი ფოტოც სწორედ იმ თამაშიდანაა. ცოტა ხნის წინ, კობიმ თავის ვიდეო-ინტერვიუში ჟურნალ 11 Freunde-სთან ნოიერის იმ დღის სასწაულებიც გაიხსენა.

კომენტარები

ბოლო ამბები