Thumbnail

'ეს დაუჯერებელი იყო' - საოცარი მატჩი, რომელშიც ფაჩულიას ორმაგი დუბლი ჰქონდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 8 წლის წინ NBA-ში ჩატარდა თამაში, რომელიც 68 წუთს გაგრძელდა
  • ზაზა ფაჩულიას მაჩვენებლები 54 წუთი, 15 ქულა, 20 მოხსნა იყო

ზუსტად 8 წლის წინ, 2012 წლის 25 მარტს შედგა მატჩი, რომელიც NBA-ს ისტორიაში შევიდა, მისი ერთ-ერთი გმირი კი, ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია იყო.

📺 ატლანტა 139:133 იუტა

საუბარია ატლანტა ჰოუქსისა და იუტა ჯაზის შეხვედრაზე, რომელიც ჯორჯიელთა Philips Arena-ზე ჩატარდა და დარბაზში შეკრებილმა 13 544-მა ადამიანმა დაუვიწყარი სანახაობა იხილა.

მატჩი ფაჩულიას ატლანტამ 139:133 მოიგო, თუმცა, ამისთვის 4 ოვერტაიმი დასჭირდა. ცნობისთვის, XXI საუკუნეში, ეს, ამგვარი პირველი შემთხვევა იყო.

მანამდე, ბოლოს, მსგავსი რამ 1997 წელს ფენიქსისა და პორტლენდის შეხვედრაში (140:139) იყო დაფიქსირებული, სულ კი, ლიგის ისტორიაში ასეთი ფაქტი 16-ჯერ მომხდარა.

ზაზა ფაჩულია ელ ჯეფერსონის წინააღმდეგ

საინტერესოა, რომ ატლანტაში გამართულ მატჩში წარმატებასთან გაცილებით ახლოს იუტელები იყვნენ, თუმცა, გამარჯვების მომტანი სროლა ერთბაშად 4-ჯერ (ძირითადი დროის, პირველი, მეორე და მესამე ოვერტაიმების ბოლო წამებზე) ააცილეს.

როგორც აღვნიშნეთ, თამაში 68 წუთს გაგრძელდა, ფაჩულიამ კი მოედანზე 54:10 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. 

ქართველი ლეგიონერის მონაგარი 15 ქულა, 20 მოხსნა (7 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება იყო.

ფაჩულიამ 11-დან 6 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

საინტერესოა, რომ ჰოუქსის რიგებში 9 და მეტი ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა ჩააგდო, საუკეთესო კი ჯო ჯონსონი იყო, რომელმაც 37 ქულა მოაგროვა.

“ეს დაუჯერებელი იყო, მეცინებოდა კიდეც. ასეთ მატჩში მონაწილეობა არასდროს მიმიღია”, - აღნიშნა მაშინ ჯონსონმა.

იუტელთა რიგებში შედეგიანი თამაში ჰქონდათ ელ ჯეფერსონსა (28 ქულა, 17 მოხსნა) და პოლ მილსაპს (25 ქულა, 13 მოხსნა).

კომენტარები

ბოლო ამბები