Thumbnail

ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველო უნდა იყოს, დიდი ალბათობით, გადაიდება და 2022 წელს ჩატარდება.

ამ ინფორმაციას ბერძნული სპორტული ვებგვერდები (Sportime.gr, Galanolefko.gr, Sport24.gr) აქტიურად ავრცელებენ.

აღნიშნული დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გადაიდო, ამავდროულად კი, მსოფლიოს სპორტულ კალენდარში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.

სხვა რომ არაფერი ვთქვათ, გაურკვეველი ვადით გადაიდო თავად ევრობასკეტის შესარჩევი ციკლის მატჩები და გადადებულია ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირიც, რაც მოკლე პერიოდისთვის რაიმეს დაგეგმვას ართულებს.

“ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაისად ზაფხულში უნდა ჩატარდეს. გამოდის, რომ თუკი ევრობასკეტის ვადებმა არ გადაიწია, ის ფაქტობრივად, პირდაპირ ოლიმპიადას მიებმება, რაც წარმოუდგენლად მოსჩანს.

არსებობს მოსაზრება, რომ მომდევნო ევროპის ჩემპიონატი 2022 წელს გაიმართება, რადგანაც ეს, ფიბას კალენდარში ერთადერთი თავისუფალი დროა, 2023-ში კი, ინდონეზიაში, ფილიპინებსა და იაპონიაში მსოფლიოს პირველობაა დაგეგმილი”, - წერს Sportime.gr.

შეგახსენებთ, რომ ამ ევრობასკეტი 2021 გაისად 2-19 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი და ის ოთხ ქვეყანაში – საქართველოში, ჩეხეთში, გერმანიასა და იტალიაში უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები