Thumbnail
  • თემურ ქეცბაიას ინტერვიუები კვიპროსულ მედიაში
  • რატომ გაუშვა თემურმა ჯანო და ბუბა საქართველოში

kerkida.net-მა და Super Sport FM-მა კვიპროსული ანორთოსისის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ინტერვიუები ჩაწერეს. გთავაზობთ მათ ფრაგმენტებს: 

ანორთოსისში დარჩენაზე:

"კიდევ ათი წლით დარჩენა მსურს - ეს, რა თქმა უნდა, უფრო ხუმრობით. მე კი მსურს, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე, მანამ სანამ ეს კლუბსაც ენდომება. შესაძლოა, გარკვეული ხნის მერე ანორთოსისს აღარ სურდეს ჩემი დარჩენა მწვრთნელის პოსტზე, ან მე აღარ მსურდეს კლუბში დარჩენა. 

მაგრამ დიდი ხნის წინათ, ამ კლუბს შევუერთდი და კვიპროსში მასთან ერთად კიდევ კარგა ხნით ყოფნა მსურს".

ჩემპიონატის განახლების შესაძლო ვარიანტზე - ანორთოსისი V ომონია:

ქეცბაიას ანორთოსისი ომონიასთან ერთად ლიდერობს

"თუ სიტუაცია აქამდე მივა, რომ ჩემპიონატის გამართვა შეუძლებელი იქნება. საჩემპიონო დუელის დანიშვნა ამ ორ გუნდს შორის საუკეთესო ვარიანტი იქნება. ვითამაშოთ "ოქროს მატჩი" და იქ გავარკვიოთ, ვინ იმსახურებს ჩემპიონის ტიტულს. ბარათებით ტიტულის მფლობელის გამოვლენა, უსამართლო მგონია".

კორონავირუსზე:

"უნდა დავძლიოთ კორონავირუსი, ეს მხოლოდ კვიპროსის პრობლემა არ არის, მთელი მსოფლიო იბრძვის. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ 21-ე საუკუნეში მოხდებოდა. 

ჩემს სამშობლოში, საქართველოში უამრავი დევნილი გვყავს, მაგრამ არის შიშები, რომ ეს ვირუსი კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის. რა თქმა უნდა, ვირუსი გვაძლევს დროს, რომ მნიშვნელოვანზე დავფიქრდეთ. მოდი, ჯერ ვირუსი დავამარცხოთ და მერე ვიფიქროთ, როგორ დავასრულოთ საფეხბურთო სეზონი. ტრანსფერები და ცვლილებები ანორთოსისში აუცილებლად გვექნება. 

ანორთოსისის სეზონზე:

"შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც თასზეც და ჩემპიონატშიც ძლიერად ასპარეზობდა. ჯერ იოლი მატჩი არ გვქონია. არავის წვლილს არ ვუარყოფ, მაგრამ ჩვენს კონკურენტ ომონიას უფრო იოლი კალენდარი ჰქონდა. ფინალური ეტაპი ყველასთვის რთული იქნება".

ანანიძე და დაუშვილი გუნდთან ერთად არ არიან, მიზეზი:

"რა უნდა ექნათ მათ? როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, ისინი დაგვიბრუნდებიან. დაუშვილის მაგალითი რომ ავიღოთ, ის ოჯახის გარეშე დარჩა, რადგან ვერ ახერხებდა მათ ჩამოყვანას. დაუშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ამის გამო ღამეები არ ეძინა, რადგან ოჯახი უპატრონოდ ჰყავდა. რა უნდა მექნა? მეთქვა, რომ მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და აუცილებლად უნდა დარჩეს? ეს უფრო ადამიანური საკითხია, ვიდრე სპორტული". 

ბუბა დაუშვილი საქართველოში დაბრუნდა

ბუბა დაუშვილმა და ჯანო ანანიძემ კვიპროსი რამდენიმე დღის წინათ, კერძო თვითმფრინავით დატოვეს და საქართველოში გამოფრინდნენ, სადაც ახლა 14-დღიან თვითიზოლაციაში არიან. როცა ისინი უკან დაუბრუნდებიან კლუბს, კიდევ ერთი 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, რადგან კვიპროსის ხელისუფლებასაც ანალოგიური ინსტრუქცია აქვს შემუშავებული. თუ ანანიძის შემთხვევაში ეს ნაკლები პრობლემაა - ჯანოს ტრავმა აქვს, ბუბა გუნდის შეუცვლელი წევრია და თუ კვიპროსის ჩემპიონატი 13 აპრილს შეძლებს განახლებას, ქეცბაიას გუნდს დაუშვილი კიდევ კარგა ხნით დააკლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები