Thumbnail

‘ყნოსვის და გემოს შეგრძნება დავკარგე’ - პაოლო მალდინიმ კორონავირუსზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მილანის და იტალიური ფეხბურთის ლეგენდას, პაოლო მალდინის რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა. გაზეთ “კორიერე დელა სერასთან” ინტერვიუში 51 წლის ლეგენდამ ავადმყოფობის დეტალებზე ისაუბრა.

“ყველაზე ცუდი უკვე უკან მოვიტოვე. სუნი და გემო დავკარგე. იმედი მაქვს, ორივე დამიბრუნდება. ეს იგივე იყო, რაც გრიპი, ოღონდ ოდნავ უარესი. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი. ტკივილები უფრო ძლიერია და მკერდში სივიწროვის შეგრძნება დამეუფლა. ასეთი შეგრძნებები აქამდე არასდროს მქონია. სხეული ებრძვის მტერს, რომელსაც არ იცნობს,” - განაცხადა მალდინიმ.

პაოლომ ვერ შეძლო იმის თქმა, სად და როდის გადაედო კორონავირუსი: “მართლა არ ვიცი და ვერ ვხვდები. ჩემს ცოლს დიდხანს ჰქონდა საეჭვი გრიპი, სამი კვირა ლოგინში იწვა. ჩვენს შვილს, 23 წლის კრისტიანსაც ჰქონდა თებერვლის შუაშუ მძიმე გრიპი. მე პირველი სიმპტომები 5 მარტს ვიგრძენი. მართალია, ჩემს ცოლს და შვილებს ტესტზე უარყოფითი პასუხი ამოუვიდათ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვირუსი მათაც ჰქონდათ. მე იტალიელ ფეხბურთელებთან კონტაქტი არ მქონია. 14 დღეა, ისინი არ მინახავს და არცერთ მათგანს არ აქვს კორონავირუსი,” - დასძინა მალდინიმ.

იტალიაში კორონავირუსის სულ 63 927 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 6 077 და გამოჯანმრთელდა 7 432 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები