Thumbnail

'ჩვენი ჯანმრთელობისთვის ასე ჯობდა' - ლაშა ტალახაძე ოლიმპიადის გადადებაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გადადებულია. თამაშები, რომელიც იაპონიის დედაქალაქში ამ ზაფხულს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, წელს აღარ ჩატარდება.

პოპსპორტი ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს დაუკავშირდა - რეკორდსმენ ძალოსანს, რომელიც მეორე ოლიმპიური ოქროს მოსაგებად ემზადებოდა.

POPSPORT: რას ფიქრობთ ოლიმპიადის გადადებაზე და რა ცვლილებები შეიტანა ამან მზადების პროცესში?

ლაშა ტალახაძე: ოლიმპიადამდე ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოვსულიყავით, რომელიც ბოლო სალიცენზიო ტურნირი იყო. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, ევროპის ჩემპიონატი გადაიდო. დღეს გავიგეთ, რომ ოლიმპიადაც აღარ გაიმართება. ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი, რომ ზაფხულში უნდა მეასპარეზა. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ტურნირი გადაიდო, თუმცა მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა.

'ეს დიდი განსაცდელია მსოფლიოსთვის, მაგრამ ერთიანობით ყველაფერს შევძლებთ და ამ ვირუსს დავამარცხებთ'

სპორტსმენისთვის ოლიმპიადის გადადება რთულად მისაღები ამბავია, მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობისთვის ასე სჯობს. აგვისტოში ძალიან ბევრ მეტოქეს გაუჭირდებოდა გამოსვლა. არცერთი ქვეყანა არ უნდა დაიჩაგროს. შესაბამისად, ოლიმპიადის გადადება სჯობდა. იმედია, მალე შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და ოლიმპიადისთვის მზადებას გავაგრძელებთ.

POPSPORT: როგორ ახერხებთ ფორმის შენარჩუნებას, ვარჯიშებს აგრძელებთ?

ლაშა ტალახაძე: ძალოსნობაში ფორმის აღდგენას 3-4 თვე მაინც სჭირდება. სიმართლე გითხრათ, დარბაზში მარტო ვვარჯიშობ, რათა ოპტიმალურ ფორმაში ვიყო. ვცდილობ, 70-80 პროცენტით მაინც ვიყო მზად. სახლის პირობებშიც ვახერხებ ვარჯიშს. უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას ვუსურვებ მთელ საქართველოს. ეს დიდი განსაცდელია მსოფლიოსთვის, მაგრამ ერთიანობით ყველაფერს შევძლებთ და ამ ვირუსს დავამარცხებთ. ჯანმრთელობასა და გამძლეობას გისურვებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები