Thumbnail

ოლიმპიადაც გადადებულია - ტოკიო თამაშებს 2021 წელს უმასპინძლებს

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გადადებულია. თამაშები, რომელიც იაპონიის დედაქალაქში ამ ზაფხულს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, წელს აღარ ჩატარდება. 

კორონავირუსის პანდემიამ ოლიმპიადის ჩატარებაც შეუძლებელი გახადა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ თამაშების გადავადების წინადადებით საერთაშაროსიო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელ თომას ბახს მიმართა და მოხდა შეთანხმება იმაზე, რომ შეჯიბრება წელს აღარ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს.

"ჩვენ დავადასტურეთ, რომ ოლიმპიადის გაუქმება შეუძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ ათლეტები ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ, ხოლო მაყურებლებისთვის თამაშები უსაფრთხო იყოს, ჩვენ შევთავაზეთ ოლიმპიადის დაახლოებით ერთი წლით გადადება.

შევთანხმდით იმაზე, რომ ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2021 წლის ზაფხულისა. ასევე შევთანმხდით მჭიდრო თანამშრომლობაზე იმისთვის, რათა კორონავირუსულ ინფექციაზე კაცობრიობის საბოლოო გამარჯვების შემდეგ და ამ გამარჯვების აღსანიშნავად, ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები სრულყოფილად ჩავაროთ", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა. 

მალევე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თამაშების გადადების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"ამჟამინდელი მდგომარეობით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია გვაწვდის, სოკ-ის პრეზიდენტი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ XXXII ოლიმპიური თამაშები 2020 წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის ზაფხულისა, რათა გავუფრთხილდეთ საერთაშორისო საზოგადოების, სპორტსმენებისა და ყველა იმ ადამიანის ჯანმრთელობას, ვინც ოლიმპიურ თამაშებთან არის დაკავშირებული". 

ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთიდან იაპონიაში უკვე ჩაიტანეს

გეგმის თანახმად, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებისთვის ტოკიოს 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ემასპინძლა და თამაშებში 200-ზე მეტი ქვეყნის 12 500-მდე სპორტსმენი უნდა გამოსულიყო.

კორონავირუსის პანდემიასთან შექმნილი ვითარების გამო, ორიოდე დღის წინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოთხკვირიანი ვადა ითხოვა, რათა თამაშების გადატანასთან დაკავშირებით, საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება მიეღო.

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში 15 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

მალევე კანადისა და ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტებმა იაპონიაში სპორტსმენების ამ ზაფხულს გაშვებაზე უარი განაცხადეს. იმავეს აპირდებდნენ დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიისა და ახალი ზელანდიის ოლიმპიური კომიტეტებიც.

 

კომენტარები

ბოლო ამბები