Thumbnail

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გადაიდო და 2021 წელს გაიმართება. ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია. პოპსპორტი მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი იანტბელიძის პოზიციით დაინტერესდა.

გიორგი იანტბელიძე (საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი): დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა მთელი მსოფლიო და რა თქმა უნდა, ადამიანების ჯანმრთელობა ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ, როგორც კომპეტენტური პირები გადაწყვეტენ, ისე მოვიქცევით ჩვენც. უკვე ცნობილია, რომ ოლიმპიური თამაშები გადაიდო და 2021 წელს გაიმართება.  

popsport: მზადების პროცესში ალბათ სერიოზული ცვლილებების შეტანა მოგიწევთ...

იანტბელიძე: ოლიმპიური თამაშებისთვის აქტიურად ვემზადებოდით, გეგმის მიხედვით მივდიოდით და განწყობაც ამაღლებული გვქონდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. მზადების ინდივიდუალურ რეჟიმზე ვართ გადასული. ზოგი რეგიონშია, ზოგი კი თბილისში და იზოლაციის პირობებში ცდილობენ შეინარჩუნონ ფორმა. ოლიმპიადა ისეთი მოვლენაა, რომლისთვისაც 4 წელი ემზადები და ეს შრომა წყალში არ უნდა ჩაიყაროს. იმედია, ვირუსი მალე დამარცხდება და მშვიდობა იქნება დედამიწაზე. ვეცდებით, 2021 წლის ოლიმპიადას იდეალურ ფორმაში შევხვდეთ.

popsport: ერთ-ერთი ვერსიით, ოლიმპიადა ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 2021 წლამდე გადაიდო...

იანტბელიძე: პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ოქტომბერი უკეთესი ვარიანტი იყო. ზაფხულისთვის უნდა ვყოფილიყავით ოპტიმალურ კონდიციაში, შემოდგომა კი არც ისე შორსაა. ერთი წლით გადაწევა ფსიქოლოგიური კუთხითაც რთული იქნება, რადგან სპორტსმენები 4 წელი ელოდნენ ამ დროს და კიდევ დიდი ხნით მოუწევთ ლოდინი. თუმცა, კარგად მესმის, რომ პირველ რიგში, პანდემია უნდა დავამარცხოთ და შემდეგ დავუბრუნდებით აქტიურ სპორტს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2021 წლის ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები