Thumbnail

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გადაიდო და 2021 წელს გაიმართება. ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია. ქართული სპორტის გულშემატკივრები განსაკუთრებულ იმედებს საქართველოს ძალოსნობის ნაკრებზე ამყარებენ. პოპსპორტი მიმდინარე მოვლენებზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის პოზიციით დაინტერესდა.

გიორგი ასანიძე (საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მწვრთნელი): ოლიმპიური თამაშები გადაიდო და 2021 წელს გაიმართება. საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ზუსტი თარიღები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ადამიანების ჯანმრთელობა უმთავრესია და ვერაფერს ვიზამთ. უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.  

popsport: ოლიმპიადის გადადება ალბათ მთლიანად შეცვლის საქართველოს ძალოსნობის ნაკრების გეგმებს...

ასანიძე: როცა არ უნდა დაინიშნოს, ყველა ქვეყანა თანაბარ ვითარებაში იქნება. მაგალითად, ამ პერიოდში ევროპის ჩემპიონატი ჩაგვივარდა და ეს ცუდია, მაგრამ ასეთივე მდგომარეობაში არიან სხვებიც. ერთი შემიძლია გითხრათ: როცა არ უნდა ჩატარდეს ოლიმპიადა, ჩვენი გუნდი სრულ მზადყოფნაში იქნება. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა, თუმცა მოგვარებადია. უმჯობესია, ეს პერიოდი თითოეულმა სპორტსმენმა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოიყენოს და 2021 წლის ოლიმპიადას იდეალურ ფორმაში შეხვდეს.

popsport: საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როგორ მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი?

ასანიძე: ნაკრების წევრები რეგიონებშიც არიან და თბილისშიც. სპეციალური დავალებები აქვთ მიცემული და არ წყვეტენ ინდივიდუალურ ვარჯიშს. სპორტსმენი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. იმედია, მალე გადაივლის გლობალური პრობლემა და დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

კომენტარები

ბოლო ამბები