Thumbnail
  • შიმკენტის ორდაბასის თავკაცმა კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებაზე ისაუბრა 
  • 51 წლის სპეციალისტს სჯერა, რომ მსოფლიო საშიშ ვირუსს სულ მალე დაამარცხებს
  • ქართველი მწვრთნელის მიზანი ამ სეზონში შარშანდელზე უკეთესი შედეგის ჩვენებაა 
  • 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ორდაბასიმ ყაზახეთის პრემიერლიგის ახალ სეზონში სულ სამი მატჩის ჩატარება მოასწრო. შიმკენტის გუნდს თითო მოგება, ფრე და მარცხი აქვს, ჩემპიონატი კი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. 

51 წლის ქართველმა სპეციალისტმა ჯერ არ იცის, როდის განახლდება სეზონი, თუმცა მიზნად გაცილებით მაღალი შედეგების ჩვენებას ისახავს, ვიდრე მის გუნდს შარშან ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ორდაბასი 2019 წელს სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და წინ მხოლოდ ჩემპიონი ასტანა და ქაირათი გაუშვა.

კახა ცხადაძე შიმკენტის კლუბში გიორგი ჩიხრაძესთან ერთად, 2018 წლის ზაფხულიდან მუშაობს

კახა ცხადაძემ ყაზახურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კორონავირუსით გამოწვეულ ზოგად მდგომარეობაზე, გუნდში არსებულ ვითარებასა და სეზონის მიზნებზეც ისაუბრა: 

"თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალური დავალება აქვს. ხელმძღვანელობასთან კი სამომავლო გეგმებზე ვსმჯელობთ და იმისდა მიხედვით ვიმოქმედებით, როგორიც ქვეყნის ხელისუფლების მითითება იქნება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რადგან მთელი მსოფლიო გაერთიანდა და ებრძვის ვირუსს. ახლო მომავალში დავამარცხებთ მას და ყველაფერი აღსდგება, ამისთვის კი მზად უნდა ვიყოთ. 

საქართველოში ვითარება უარესადაა, ვიდრე ყაზახეთში. მოგეხსენებათ, ევროკავშირთან საზღვრები გახსნილი გვაქვს, ქვეყანაში უვიზო რეჟიმია. ბევრი ქართველი ევროპაში მუშაობს, განსაკუთრებით იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, ადამიანები სამშობლოში დაბრუნდნენ. სამწუხაროდ, მათ თავადაც არ იცოდნენ, რომ დაავადებულნი იყვნენ. ახლა საქართველოში მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ვირუსის გავრცელება შეაჩერონ. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება ამას გაუმკლავდება. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. 

ცხადაძე ფეხბურთელებისგან წელს შედეგის გაუმჯობესებასაც ითხოვს

წელს ჩვენი ამოცანა შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებაა და ამისთვის ყველა პირობა გვაქვს. შარშან გამოცდილება შევიძინეთ, ვაჩვენეთ კარგი, შინაარსიანი თამაში, მაგრამ ახლა არამხოლოდ კარგი თამაში, შედეგიც უნდა ვაჩვენოთ. თუკი ასტანასთან, ქაირათსა და ტობოლთან (ყაზახეთის ჩემპიონატის მოწინავე კლუბები) შარშანდელ მატჩებს და ბოლო თამაშს ასტანასთან გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველასთან თანასწორად შეგვიძლია თამაში. ოღონდ, არ უნდა წავაგოთ ისეთი მატჩები, როგორიც თარაზთან გვქონდა.

რა თქმა უნდა, პაუზა ცუდია. ჩემპიონატი ახლახან დაიწყო, ხოლო რაც მეტი პრაქტიკა გაქვს, უკეთესია. ბევრი მატჩი გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ამ პანდემიამ ხელი ძალიან შეგვიშალა. მაგრამ მთავარი ჯანმრთელობაა. ღმერთმა ქნას, რომ მალე დავამარცხოთ ვირუსი. მოთმინებით აღიჭურვეთ და ნუ დაარღვევთ კარანტინს! ფეხბურთი მალე დაბრუნდება და ყველაფერი კარგად იქნება!

კომენტარები

ბოლო ამბები