Thumbnail
  • 'თბილისურმა მატჩმა მეტი ემოციები დამიტოვა, ვიდრე - მსოფლიო თასის თამაშებმა'
  • ტაგირ გაჯიევის აზრით, ქართველებს სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში ერევათ

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ტაგირ გაჯიევმა საქართველოსთან ჩაშლილი მატჩისა და თბილისში თამაშის გამოცდილებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის ეგიდით, 14 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

საინტერესოა, რომ რუსი მორაგბეები თბილისში უკვე ჩამოსულები იყვნენ და 25 წლის დაღესტნელ მესამეხაზელს თურმე ცარიელი ტრიბუნების თვალწინ თამაში სურდა, თუმცა, გაწბილებული დარჩა.

გაჯიევმა ინტერვიუ Rsport-ს მისცა და აღნიშნა, რომ თბილისში ქართველი გულშემატკივრების ქცევით უკმაყოფილოა.

“ჩემს კარიერაში ასეთი რამ პირველად მოხდა. მატჩზე ჩასულები ვიყავით და გვითხრეს, რომ ის აღარ შედგებოდა.

რუსეთის ნაკრებში ბევრი შეხვედრა არ მაქვს ჩატარებული, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაზე უცნაური სეზონია.

რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, ესპანელებს მოთამაშეების ნატურალიზაციასთან დაკავშირებით კიდევ რაღაც პრობლემები ჰქონდათ, ბოლოს კი, ეს კორონავირუსი, რომელმაც მთელი ტურნირი ჩაშალა.

მართალი გითხრათ, მომხდარი არასწორად მიმაჩნია. ტურნირისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადები, გინდა, თავი გამოიჩინო, შემდეგ კი გეუბნებიან, რომ შეჯიბრი შეჩერებულია.

არ მგონია, რომ ამ ვირუსით ბევრი სპორტსმენი დაინფიცირდა. თამაშების მაყურებლების გარეშე ჩატარებას ვეთანხმები, თუმცა, საერთოდ გადადება არასწორია.

იგივე საქართველოსთანაც აუცილებლად უნდა გვეთამაშა, თუნდაც ცარიელი ტრიბუნების თვალწინ.

ცხადია, რისკი არის, ამისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა, ამ პრინციპით შესაძლოა ქუჩაში ან საზოგადოებრივ ადგილებში დაინფიცირდეთ. იქ არანაკლები რისკია, ვიდრე – მინდორზე.

თბილისში საინტერესო მატჩი იქნებოდა და ისიც მესმის, რომ ქართველებთან თამაში სავსე სტადიონზე უფრო მიმზიდველია, თუმცა, საერთოდ თამაშის ჩაშლას ყველაფერი სჯობდა.

ასეთ გუნდთან გაჯიბრება ყოველთვის კარგი გამოცდილების მომცემია.

თბილისში 2018 წელს უკვე ვითამაშე და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ემოციები მსოფლიო თასის მატჩებსაც კი არ მოუცია.

როდესაც ამდენი ადამიანი შენს წინააღმდეგ არის განწყობილი, ეს, გიბიძგებს უფრო მაგრად დადგე.

ხომ გესმით, მსოფლიო თასის მატჩებისას ტრიბუნებზე ბევრი ნეიტრალური მაყურებელია, რომლებიც უბრალოდ ლამაზ რაგბს გულშემატკივრობენ.

თბილისში კი 50 ათასი ქომაგია შეკრებილი, რომლებიც ხმის ჩახლეჩამდე გვიყვირიან, გვისტვენენ. საკუთარი ხმაც კი არ გვესმის ხოლმე.

მინდა, რომ პოლიტიკა სპორტში არ ერეოდეს, თუმცა, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომლებიც რაგბის გულშემატკივრები არ არიან.

ისინი სტადიონზე მხოლოდ იმიტომ მოდიან, რომ საქართველოს ნაკრებს რუსეთის წინააღმდეგ უქომაგონ, სხვა თამაშებზე კი, ტრიბუნებზე ამდენ ქომაგს ვერ ვხედავთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები