Thumbnail

ტოკიო 2020 | ოლიმპიადაზე ალბათ არც დიდი ბრიტანეთი გავა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

გაერთიანებული სამეფო მესამე დიდი ქვეყანა იქნება, რომელიც კანადისა და ავსტალიის შემდეგ, ტოკიოში გასამართ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავის სპორტსმენებს არ გაიყვანს. ამის მიზეზი მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. 

დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაციის თავჯდომარე სერ ჰიუ რობერტსონი აცხადებს, რომ ქვეყანა საბოლოო გადაწყვეტილების უახლოეს დღეებში მიიღებს.
 
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოთხი კვირა ითხოვა იმისთვის, რათა 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში დაგეგმილი ტოკიოს თამაშების გადატანასთან დაკავშირებით, საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღოს. 

სერ რობერტსონის აზრით, ამ ვითარებაში ოლიმპიადის ჩატარება გონივრული არაა 

"ყველაფერი მარტივია, - განაცხადა სერ რობერტსონმა ჟურნალისტებთან. - თუკი ვირუსი გავრცელებას ასეთი ტემპებით განაგრძობს, როგორც მთავრობა გვაფრთხილებს, არ მგონია, რომ შეჯიბრებაში ჩვენი გუნდის გაშვების შესაძლებლობა გვქონდეს. ჯერ ერთი, ეროვნული ნაკრების სპორტსმენები ნორმალურად მომზადებას ვერ შეძლებენ, რადგან საუკეთესო არენები და სპორტული დარბაზები მთელ ქვეყანაში დაკეტილია. მეორეც, ასეთ საშიშ დროებაში ოლიმპიური თამაშების ჩატარების გონივრულობის საკითხი უნდა დაისვას. ჩვენ ამ საკითხს უახლოეს დღეებში განვიხილავთ". 

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში 15 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადების ინიციატივა კანადის ოლიმპიური და პარალიმპური კომიტეტისგან, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიაციისგან წამოვიდა, რასაც მხარი უმალ აუბა ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა. მოგვიანებით თამაშების გადავადების ინიციატივას ღიად მხარი ირლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიისა და ახალი ზელანდიის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს.

კომენტარები

ბოლო ამბები