Thumbnail

ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაცია, რომლის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ესპანური ბასკონიას ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიაა, არსებულ ვითარებაში სეზონის გაგრძელების წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის გამო, ევროლიგის მატჩები 12 მარტს შეწყდა. მალევე ითქვა, რომ თამაშები 11 აპრილს უნდა განახლებულიყო.

დღემდე განიხილება შეხვედრების მაყურებლების გარეშე ჩატარებაც, თუმცა, როგორც სჩანს, ეს იდეა ვერ განხორციელდება.

აღნიშნულის თაობაზე განცხადება ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტმა – იტალიელმა ლუიჯი დატომემ გააკეთა.

“თუკი საუბარია ცარიელ დარბაზში თამაშზე, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ისევ ძალაშია და თუკი ეს ასეა, როგორღა უნდა ვითამაშოთ.

ჯერ ერთი, რომ კალათბურთი კონტაქტური სპორტია და მეორეც – მაყურებლების გარეშე თამაში ვერაფერი სიამოვნებაა.

ჩვენ სწორედ ქომაგებისთვის ვირჯებით და იმ ატმოსფეროსთვის, რომელსაც ისინი ტრიბუნებზე ქმნიან.

ჩემი აზრით, სეზონი მხოლოდ მაშინ უნდა განახლდეს, როდესაც დარბაზები ხალხით გაივსება და ქვეყნებს შორის გადაადგილება აღდგება.

რაც შეეხება ხელფასებს, ეს, სამართლებრივი დავის საკითხია. როგორც კალათბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ამ სიტუაციაში გარკვევას ვცდილობ.

მართებული იქნება, თუკი ყველაფერს ევროლიგის ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილავთ.

თუკი სეზონი ვერ განახლდება და მგონია, რომ სწორედ ასე იქნება, რაღაც შეთანხმებას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ”.

ცნობისთვის, აღნიშნულ ორგანიზაციას ერთბაშად 6 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს და შენგელიას გარდა, ესენი კაილ ჰაინსი (ცსკა), დერიკ ბრაუნი (ცრვენა ზვეზდა), ჯეიკ კოენი (მაკაბი), ნიჰად ჯედოვიჩი (ბაიერნი) და იანის ტიმა (ხიმკი) არიან.

აღსანიშნავია, რომ ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციას თითოეულ კლუბში 2 წარმომადგენელი მოეძევება, ბასკონიაში კი, შენგელიას გარდა, ეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი მეტ ჯენინგია.

კომენტარები

ბოლო ამბები