Thumbnail
  • ივან რაკიტიჩი ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.
  • პსჟ ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ბრაზილიელი პარიზში დარჩება.

მას მერე, რაც პსჟ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, ინტერნეტში ყოველდღე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ნეიმარი პარიზულ გრანდში გადასვლას ნანობს და საფრანგეთში დარჩენა არ სურს. მეტიც: “ელ მუნდო დეპორტივო” წერდა, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ყოფილ თანაგუნდელებს შეეხმიანა და გაუმხილა, რომ ბარსელონაში დაბრუნებაზე ოცნებობს. 

სხვა გამოცემები წერენ, რომ ზაფხულში ნეიმარი დიდი ალბათობით მადრიდის რეალში აღმოჩნდება. ჭორების თანახმად, “სამეფო გუნდმა” 400 მილიონი ევრო გაამზადა. სპეკულაციებს ბარსელონას ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი გამოეხმაურა.

ივან რაკიტიჩი: "ის ჩემს გუნდში აუცილებლად ითამაშებდა!"

“ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ნეიმარს ბარსელონას კარს გავუღებდი! - უთხრა ხორვატმა “მარკას”, - არა იმიტომ, რომ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ ნეიმარი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის ჩემს გუნდში აუცილებლად ითამაშებდა!”

პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელები სკეპტიკურად არიან განწყობილები და გულშემატკივრებს ვერ აძლევენ იმის გარანტიას, რომ ნეიმარი პარიზში დარჩება.

“სამწუხაროდ, მე ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ნეიმარი მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს,” - განაცხადა პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ანტერო ენრიკემ “პარიზიენისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ბარსელონა გრიზმანის ტრანსფერისთვის 6 ფეხბურთელს ყიდის!

კომენტარები

ბოლო ამბები