Thumbnail

USA TODAY-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება 2020 წლის ზაფხულში და ის გადაიდება.

ამის შესახებ ამერიკულ გამოცემას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ერთ-ერთმა წევრმა, დიკ პაუნდმა უთხრა. დეტალები უახლოესი 4 კვირის განმავლობაში დაზუსტდება.

"იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც IOC-ს ამ ეტაპზე აქვს, ოლიმპიადის გადადების გადაწყვეტილება მიღებულია. ყველა დეტალი ჯერ არც ჩვენ ვიცით, მაგრამ, რაც მე ვიცი, 24 ივლისს ოლიმპიადის გახსნას არ ელოდოთ", - განაცხადა პაუნდმა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტილებებს ამ ოთხი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გამოაცხადებს, პირველი იქნება გადადების ინფორმაცია, შემდეგ კი როდის ჩატარდება ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. სავარაუდოდ, ეს 2021 წელს მოხდება. 

შეგახსენებთ, რომ კანადისა და ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტებმა უკვე განაცხადეს, რომ 2020 წელს ეს ქვეყნები ტოკიოში გუნდს არ წარადგენენ. 

ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა თანამედროვე ოლიმპიური თამაშები გადაიდება. მაგრამ იყო ოლიმპიადის გაუქმების შემთხვევები - 1916 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პირველი მსოფლიო ომის გამო გაუქმდა, ეს ბედი ეწია 1940 და 1944 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. 

იყო ბოიკოტის შემთხვევებიც, რომლებმაც ძლიერ დააზარალეს 1976, 1980 და 1984 წლების ოლიმპიადები, რომლებიც მაინც ჩატარდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები