Thumbnail

'იქნებ, მესი და რონალდოც ჩამოვიდნენ' - გლები ბელარუსების ქმედებით გაოგნებულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბელარუსების ყველაზე ცნობილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ გლებმა მის სამშობლოში შექმნილ უცნაურ ვითარებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსი ევროპაში ერთადერთ ქვეყნად რჩება, სადაც საფეხბურთო სეზონი მიმდინარეობს და ეს, იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის გამო, მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია იძულებული იყო ამ ნაბიჯზე წასულიყო, მას შემდეგ, რაც საგანგებო განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გააკეთა.

მან სამთავრობო სხდომაზე აღნიშნა, რომ ქვეყანას ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა გაეგრძელებინა, შესაბამისად, ბელარუსები ფეხბურთსაც თამაშობენ, თანაც მაყურებლების თანდასწრებით.

ბელარუსში ფეხბურთის თამაშს ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ

გლებს ინტერვიუ ბრიტანულმა The Sun-მა ჩამოართვა და საკმაოდ მკვახე განცხადებებიც მოისმინა, თუმცა, ალექსანდრმა ირონიაც საკმაოდ გამოურია. 

“მთელი მსოფლიო ბელარუსის ლიგას აკვირდება. ყველამ უნდა ჩართოს ტელევიზორი და ჩვენი ჩემპიონატის მატჩები ნახოს.

თავის დროზე, როდესაც NHL-მა სეზონი შეწყვიტა, ბევრმა ჰოკეისტმა სათამაშოდ რუსეთს მიაშურა. შესაძლოა, ახლა, ბელარუსის ლიგაში სეზონის დასასრულებლად მესი და რონალდოც ჩამოვიდნენ. ვინ იცის?

ეს ხომ ევროპაში ერთადერთი ადგილია, სადაც ფეხბურთს თამაშობენ. როგორც არ უნდა იყოს, ბელარუსები ძალიან ბედნიერები არიან.

კორონავირუსის გამო, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მატჩებიც გაჩერდა. ეს კარგია, რადგანაც პანდემიის შეჩერება მოვახერხოთ.

უეფა მართებულად მოიქცა, ბელარუსში კი ყველაფერი ფეხებზე კიდიათ. ეს დაუჯერებელია.

შესაძლოა, 1-2 კვირის მერე, აქაც ყველაფერი გაჩერდეს. იქნებ, ჩვენი პრეზიდენტი მოვლენათა შემდგომ განვითარებას ელის.

ხომ ყველამ იცით, იტალიასა და ესპანეთში რა ხდება. მიუხედავად ამისა, ბელარუსში ახალ ამბებს ზერელედ უყურებენ და ექსტრემალურს ვერაფერს ხედავენ.

სხვათა შორის, მთავრობას ბევრი ახალგაზრდა და სტუდენტი ეთანხმება.

პირადად მე სახლში ვრჩები და დროს ოჯახთან ერთად ვატარებ, თუმცა, როდესაც გარეთ გავდივარ, ვხედავ, რომ ქუჩასა და რესტორნებში ისევ ბევრი ხალხია.

ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის ახსნა. ყველა ლიგა შეწყვეტილია, მსოფლიოში საგანგებო ვითარებაა, ბელარუსში კი გონიათ, რომ პრობლემა არ არსებობს”.

შეგახსენებთ, რომ გლებს შტუტგარტის, ლონდონის არსენალისა და ბარსელონას რიგებში უთამაშია და კატალონიელთა მაისურით ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

გლებმა კარიერა სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის მარტის დასაწყისში, ბელარუსულ ისლოჩში დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები