Thumbnail
  • ნესტა-კანავაროს დუეტი დაცვის ცენტრში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა
  • მათ განსვავებული სტილი და ხასიათი ჰქონდათ
  • კანავარო იტალიის სამხრეთის ფეხბურთს ასახიერებდა, ნესტა - ჩრდილოეთს
  • საკლუბო დონეზე ნესტა უფრო სტაბილური იყო
  • კანავაროს 2006 წლის მუნდიალი აქვს

ყველა, ვისაც ფეხბურთის ყურების თუნდაც 15-წლიანი სტაჟი აქვს, დამეთანხმება, რომ შეუძლებელია, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარ მცველებზე დისკუსია ალესანდრო ნესტას და ფაბიო კანავაროს გარეშე. იტალიას გაუმართლა, რომ ორივე მათგანი ერთ ეპოქაში თამაშობდა და თითქმის 10 წელი 'სკუადრა აძურას' დაცვის ცენტრში დუეტს ქმნიდა.

The Italian Job

რატომ არის დაცვა ასე იტალიური საქმე? ეს უფრო კულტურული და ისტორიული ფენომენია და სწორედ ამ სიბრტყეზე უნდა აიხსნას.

დაცვაში თამაში კოლექტიური, სისტემური ხელოვნებაა - თავს მარტო ვერ დაიცავ. დაცვა ერთმანეთის დაზღვევას, გვერდში დგომას, შედეგისთვის, საერთო სიკეთისთვის, თავგანწირვას გულისხმობს. დაცვა ერთად ტანჯვის, გაჭირვებაში ერთად დგომის, ხელოვნებაა. ისტორიულად, იტალიელებს სახელმწიფო მე-19 საუკუნემდე არ ჰქონიათ. ისინი ოჯახის სტრუქტურაში ვითარდებოდნენ - ანუ იქ, სადაც სწორედ გვერდში დგომის და კოლექტიური მსხვერპლშეწირვის სული მეფობს. იტალიური დაცვაც თითქოს პატარა ოჯახია - იგივე ფასეულობებზე დგას. მოკლედ იტალიელებს დაცვის თამაში სისხლში აქვთ.

ისტორიულ წიაღსვლებს თავი დავანებოთ - ბუფონს და BBC-ს (კიელინი, ბონუჩი, ბარძალი) დააკვირდით თამაშის დროს, რაღაცნაირი განსაკუთრებული შინაგანი ერთობა აქვთ, თითქოს ერთი ოჯახია. ნესტა და კანავარო განსხვავებულები იყვნენ, თუმცა ერთად განსაკუთრებულ წყვილს ქმნიდნენ.

განსხვავებული ხასიათი და სტილი

მათი ჰარმონია სწორედ განსხვავებულობაზე იდგა - ისინი ერთმანეთს ავსებდნენ, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა.

ფაბიო კანავარო ნეაპოლელია. ნეაპოლური ხასიათი მთელ იტალიაშია ცნობილია - სწორედ აქედან იყვნენ თავისი პირადი თვისებებით გამორჩეული სხვა მოთამაშეები - ჩირო ფერარა და ტოტო სკილაჩი.

ნეაპოლი ქუჩას ნიშნავს და ყველაფერს, რაც ქუჩაში ისწავლება. ნეაპოლში რომ ფეხბურთი ითამაშო, ეშმაკიც უნდა იყო და მტკიცე ხასიათის პატრონიც. კანავარო ბურთების მიმწოდებელი ბიჭი იყო დიეგო მარადონას ლეგენდარული ნაპოლის თამაშებზე და თამაშიც სწორედ ნაპოლიში დაიწყო. მთელი მისი კარიერის მანძილზე, რაღაცნაირი ნეაპოლური სიხისტე, ემოციურობა და ფეთქებადობა კანავაროს ხასიათის ნაწილი იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ტოტის, ბუფონის, დელ პიეროს და სხვა ვარსკვლავების გუნდში, 2006 წელს, კაპიტანი სწორედ ფაბიო კანავარო იყო - იტალიისთვის ყველაზე დიდი ლიდერი. თასიც სწორედ მან აწია.

ყველაფერი ერთ ფოტოში ფაბიო კანავაროს თამაშის სტილზე

ნესტა რომაელია, თუმცა თავისი ხასიათით უფრო ჩრდილო იტალიელებს გაგონებს. ძალიან დახვეწილი მინდორზეც და მის მიღმაც, არისტოკრატული, ელეგანტური და მშვიდი. შემთხვევითი არ არის, რომ ნესტასთვის მეორე სახლად მილანი იქცა და მისი ყველაზე ახლო მეგობარი ანდრეა პირლოა - კიდევ ერთი არაიტალიურად მშვიდი და არისტოკრატული მოთამაშე.

ხასიათი მათი თამაშის სტილზეც აისახა. კანავარო საუკეთესო იყო ორთაბრძოლებში, დასწრებაზე, ვარდნებში, თავით თამაშის დროს - მოკლედ ყველგან, სადაც სიხისტე, ბრძოლის სიყვარული და თავდადებაა საჭირო. ფაბიო იდეალურად თამაშობდა ერთ-ერთზე, იტალიის ნაკრებში მისი პირველი ხმამაღალი განაცხადი 1997 წელს უკავშირება - შესარჩევში, იტალიამ ინგლისს ჯანფრანკო ძოლას გოლით 'უემბლიზე' მოუგო (ამ ჯგუფში საქართველოც იყო), სულ ახალგაზრდა კანავარომ კი ალან შირერს, იმ ეპოქის საუკეთესო ბომბარდირს, გასაქანი არ მისცა.

ნესტა უფრო მშვიდად, ინტელექტის ხარჯზე თამაშობდა - საუკეთესო იყო პოზიციის არჩევაში და დაზღვევის დროს, კარგად იწყება შეტევას პირველი პასით, თითქოს ყოველთვის წინასწარ იცოდა, მოედანზე რა ხდებოდა. მოკლედ, თუ კანავარო გული და ემოცია იყო, ნესტა - ინტელექტი და რაციონალიზმი. ერთად ისინი იდეალურ დუეტს ქმნიდნენ. ეს წყვილი იტალიის სამხრეთული და ჩრდილოური საფეხბურთო სკოლების საუკეთესო თვისებებს აერთიანებდა.

როცა ეს წყვილი მოედანზე ერთად იყო, ყოველთვის ჩნდებოდა განცდა, რომ 'სკუადრა აძურას' უბრალოდ ვერ გაუტანდი. ევრო 2000-ის ნახევარფინალში იტალია მასპინძელ ჰოლანდიას ხვდებოდა. მარკუს მერკმა, შეხვედრის არბიტრმა ყველაფერი გააკეთა, რომ ფინალი ჰოლანდიას ეთამაშა - წითელი ბარათი და ორი პენალტი იტალიის კარში. პენალტები ტოლდომ აიღო, ჰოლანდია 120 წუთი უტევდა ათკაციან იტალიას და ვერ გაუტანა. სანამ იქ ნესტა-კანავაროს დუეტი იდგა, რაიკაარდის გუნდი თავისი კლუივერტი-ბერგკამპის დუეტით გამტანი არ ჩანდა - მთელი დღე რომ ეთამაშათ, მაინც.

რომელი უფრო მაგარი იყო?

ამ საკითხზე ბევრს უდავია. პასუხის ერთმნიშვნელოვნად გაცემა შეუძლებელია. საერთოდაც მგონია, რომ ეს არასწორი კითხვაა. შეიძლება მხოლოდ მათი კარიერა შევადაროთ. საკლუბო კარიერა მათ ერთი სტილის გუნდებში დაიწყეს - კანავარომ ნაპოლიში და მერე პარმაში, ნესტამ - ლაციოში. კანავარომ პარმაში უეფას თასი მოიგო, ნესტამ კი იტალიის ჩემპიონატი და თასების თასი. მხოლოდ ამის შემდეგ წავიდნენ ყველაზე დიდ იტალიურ კლუბებში.

საკლუბო დონეზე ნესტას უფრო სტაბილური კარიერა ჰქონდა. 2000-იანების დასაწყისში მილანი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო და მასთან ერთად ნესტამ კიდევ ორი სკუდეტო და ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ნესტა ყოველთვის, ყველა სეზონში, საუკეთესო იყო.

📺 ვიდეო: ალესანდრო ნესტას საუკეთესო მომენტები

კანავარომ უფრო მეტი იმოგზაურა. თუკი ნესტასთვის ლაციოც და მილანიც მშობლიურ კლუბებად იქცნენ, კანავაროს ასეთი კლუბი პარმას შემდეგ არ ჰქონია. ფაბიო კაპელოს იუვენტუსში კანავარო იდეალურად თამაშობდა, თუმცა ეს გუნდი ორი მოგებული სკუდეტოს შემდეგ კალჩოპოლიმ დაშალა.

ნესტასგან განსხვავებით, კანავაროსგან არცთუ ისე კარგი სეზონებიც გვახსოვს. ეს მაშინ, როცა ის თავის გუნდში ვერ ხვდებოდა. ინტერს ვერ მოერგო და სულ რაღაც 50 თამაშის შემდეგ წამოვიდა; რეალში უფრო მეტიც შეეძლო, თუმცა რეალი მცველების გუნდი არასოდეს ყოფილა; კრიზისულ იუვენტუსში მეორეჯერ მიბრუნება კი წარუმატებელი აღმოჩნდა.

ნესტა თუ უფრო სტაბილური იყო, კანავარო თავის საუკეთესო თამაშებში უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე შთამბეჭდავი პერფორმანსი იყო, რომელიც კი მე მცველის შესრულებით მინახავს. ჩვეულებრივ, მცველს არ შეიძლება ჰქონდეს თამაშზე ამ მასშტაბის ინდივიდუალური გავლენა (დაცვა რომ კოლექტიური ხელოვნებაა ამაზე ზემოთ გითხარით), როგორც კანავაროს მუნდიალზე ჰქონდა.

📺 ვიდეო: ფაბიო კანავაროს დაუჯერებელი თამაში გერმანიის ნაკრებთან, 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში

იმ წელს კანავარომ ოქროს ბურთი მოიგო და ეს დაიმსახურა კიდეც. ფაბიო მსოფლიოში საუკეთესო იყო. წარმოიდგინეთ, რა დონეზე თამაშობდა, რომ ზიდანის, რონალდინიოს და რონალდოს ეპოქაში ოქროს ბურთი მცველმა მოიგო.

იტალიამ 2006 წლის მუნდიალის 7 შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა - ავტოგოლი და პენალტი. ეს ჩემპიონატი უფრო კანავაროსია, რადგან ნესტამ ჩეხებთან თამაშში ტრავმა მიიღო და ნესტა-კანავაროს დუეტმა ერთად მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა, პლეი ოფიდან კი კანავაროს მარკო მატერაცი შეუწყვილდა.

კანავარო იტალიის ნაკრების კაპიტანი და ლიდერი იყო

ნესტასთვის ეს ნაკრებში პირველი უიღბლობა არ ყოფილა. 2002 წელს იტალია სამხრეთ კორეის თამაში ყველას სკანდალური მსაჯობის გამო ახსოვს. ერთი დეტალი ავიწყდებათ - ამ თამაშს ნესტა ტრავმის გამო ტოვებდა, კანავარო კი - ყვითელი ბარათების. ამ დუეტთან ერთად კორეას არც მსაჯებთან ერთად ექნებოდა შანსი და არც მსაჯების გარეშე.

იტალია-ჰოლანდია დაგარწმუნებთ, რომ კატენაჩო, ანუ დაცვის ხელოვნება, მართლა ხელოვნებაა.

📺 ვიდეო: იტალია V ჰოლანდია (ევრო 2000-ის ნახევარფინალი)

კომენტარები

ბოლო ამბები