Thumbnail

'ახლა კარგად ვარ' - არსენალის მწვრთნელმა კორონავირუსი დაამარცხა

ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ, რომელსაც 13 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა, ათიოდე დღის შემდეგ თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. 

"ახლა სრულებით კარგად ვარ და ვგრძნობ, რომ გამოვჯანმრთელდი. სამი თუ ოთხი დღის შემდეგ, უკეთესობა ვიგრძენი, ახლა კი სიმპტომები საერთოდ გამიქრა.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, სამშაბათს დილით თავი ცუდად ვიგრძენი და ექიმთან წავედი, მაგრამ ის ადგილზე არ დამხვდა. მოგვიანებით, ვარჯიშის შემდეგ, ავტომობილში ვიმყოფებოდი, როდესაც ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და მაცნობა, რომ ოლიმპიაკოსის პრეზიდენტის ტესტი დადებითი აღმოჩნდა და ყველა, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, საფრთხის ქვეშ იყო. ვუამბე მათ ჩემი მდგომარეობის შესახებ და ასევე ვაცნობე იმის შესახებ, რომ ჩვენს არაერთ ფეხბურთელს კონტაქტი ჰქონდა ოლიმპიაკოსის წარმომადგენლებთან. მომდევნო დღეს მანჩესტერ სიტისთან უნდა გვეთამაშა და ნათელი იყო, რომ დუმილის შემთხვევაში, ადამიანების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დავაყენებდით, რასაც ვერ გავაკეთებდით. ოთხშაბათს ტესტი ჩავიტარე, პარასკევს კი დიაგნოზი დამისვეს. ყველა, ვისაც ჩემთან კონტაქტი ჰქონდა, იძულებული გახდა, კარანტინში წასულიყო, მატჩები კი გადაიდო”, - ამბობს 37 წლის ესპანელი სპეციალისტი.

ინგლისის პრემიერლიგა, სულ ცოტა, 30 აპრილამდე არ განახლდება

კორონავირუსის პანდემიის გამო, ინგლისის პრემიერლიგაში პაუზაა. ჩემპიონატში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ, სტურნირო ცხრილის სათავეში, 82 ქულით ლივერპულია, რომელსაც 25 ქულით მანჩესტერ სიტი ჩამორჩება. ლონდონის არსენალი 40 ქულით ცხრილში მე-9 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები