Thumbnail
  • სპორტის სხვა სახეობების მსგავსად, კორონავირუსმა წყალბურთიც გააჩერა
  • არადა, ქართული წყალბურთისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი იდგა

სპორტის სხვა სახეობების მსგავსად, კორონავირუსმა წყალბურთიც გააჩერა. არადა, ქართული წყალბურთისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი იდგა: დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული მატჩი მოიგო მარსელთან, საქართველოს ნაკრები კი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებოდა.

დინამო თბილისის წყალბურთელები, რომლის ბაზაზეც ეროვნული ნაკრებია აწყობილი, იზოლაციაში იმყოფებიან. დინამოს და ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრო ბითაძემ POPSPORT-ის შეკითხვებს უპასუხა.

popsport: პირველ რიგში, გვაინტერესებს, თუ როგორ გრძნობ თავს იზოლაციაში?

ბითაძე: დამღლელი არ არის, რადგან მიჩვეულები ვართ შეკრებებზე ერთად ყოფნას და ამ რეჟიმში ცხოვრებას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ აუზზე ვერ დავდივართ. სახურავზე მოვაწყვეთ სპორტული სივრცე და როგორც შეგვიძლია, ისე ვვარჯიშობთ. რიგ-რიგობით ავდივართ, რომ დისტანცირების წესები დავიცვათ. 

popsport: ანუ, ბოლომდე იცავთ არსებულ რეკომენდაციებს...

ბითაძე: რადგან ამდენი ქვეყანა ცხოვრების საგანგებო რეჟიმზეა გადასული, ე.ი. რაღაც სერიოზული ხდება. ეს არის ომი ახალ ვირუსთან. პანიკაში არ უნდა ვიყოთ, მაგრამ წესებს უნდა დავემორჩილოთ - დავრჩეთ შინ საკუთარი თავისთვის, ოჯახისა და ზოგადად, ერთმანეთისთვის. ამით პატივი ვცეთ თუნდაც იმ ექიმების შრომას, რომლებიც ღამეებს ათენებენ და ჩვენთვის რისკავენ საკუთარ ჯანმრთელობას.  

საქართველოს ნაკრების წყალბურთელები თვითიზოლაციაში

popsport: სანამ სეზონი შეწყდებოდა, დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი მოიგო...

ბითაძე: მარსელთან ისტორიული მატჩი მოვიგეთ. ვფიქრობ, კიდევ შეგვეძლო ერთი, ან ორი მატჩის მოგება, მაგრამ ჯანმრთელობა სპორტზე უფრო მნიშვნელოვანია და ამიტომ, სეზონი შეწყდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გვქონდა პატარა ჩავარდნა, რაც ბუნებრივი იყო, თუმცა შემდეგ აღვიდგინეთ ფორმა, მოვუმატეთ და ამ დროს შეწყდა სეზონი, რაც ძალიან დასანანია.  

popsport: ოპტიმისტური პროგნოზით, როდის შეიძლება განახლდეს სეზონი?

ბითაძე: ჩვენთან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და არ ვიცი, როდის გავაგრძელებთ ვარჯიშს. ეს ცუდია, რადგან წყალს ისეთი თვისება აქვს, ერთი კვირა თუ არ ჩახვედი, შემდეგ ძალიან რთულია ფორმის დაბრუნება. ჯერ არ ვიცით, როდის განახლდება ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ითქვა, რომ ივნისის ბოლომდე ყველა დარჩენილი თამაში უნდა ჩატარდეს. 

popsport: არანაკლებ დიდ ინტერესს იწვევს გულშემატკივრებში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობს...

ბითაძე: პირველ რიგში, უნდა გაირკვეს გადაიდება თუ არა თავად ოლიმპიადა. თუ არ გადაიდო, მაშინ საკვალიფიკაციო მატჩები ზაფხულში უნდა მოესწროს. არის კიდევ ერთი სცენარი, რომლის მიხედვითაც სამ საგზურს რეიტინგში ყველაზე მაღლა მყოფ გუნდებს გადასცემენ. ეს ვარინტი არ გვაწყობს, რადგან სხვებზე წინ მონტენეგრო, საბერძნეთი და ხორვატიაა. ჩვენი სურვილია, რომ სპორტული პრინციპი დაცული იყოს და ბოლომდე ვიბრძოლებთ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად. 

საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები

popsport: ოლიმპიადის სამი საგზურია დარჩენილი და რამდენად რეალურია, რომ იმავე მონტენეგროს, საბერძნეთსა და ხორვატიას აჯობოთ?

ბითაძე: მონტენეგრო, საბერძნეთი და ხორვატია გამოკვეთილი ფავორიტები არიან. მათთან კონკურენცია რთული იქნება, თუმცა ჩვენ უფრო იმის იმედზე ვართ, რომ აფრიკის წარმომადგენელი უარს იტყვის ოლიმპიურ თამაშებზე და შესაბამისად, ევროპას მეოთხე ადგილი დაემატება. აფრიკელები ხშირად ამბობენ უარს და ეს სცენარი საკმაოდ რეალურია. საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე ადგილზე უნდა გავიდეთ და შემდეგ. აფრიკული ნაკრების ადგილი დავიკავოთ. ამ იმედით ვართ არა მარტო ჩვენ, არამედ რუსეთიც, საფრანგეთიც, ჰოლანდიაც, გერმანიაც.

popsport: საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი დინამო თბილისის მოთამაშეები ხართ, მწვრთნელი კი კლუბშიც და ნაკრებშიც რევაზ ჩომახიძეა. როგორ დაახასიათებ მას?

ბითაძე: წყალბურთის სამყაროში რევაზ ჩომახიძეს ყველა იცნობს. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი იყო, დღეს კი შესანიშნავი მწვრთნელია. გარდა იმისა, რომ წყალბურთის ყველა ნიუანსი იცის, გუნდი ერთ მუშტად შეკრა და ერთი მიზნის ქვეშ გააერთიანა. გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა, ერთი ოჯახივით ვართ და ამის ხარჯზე ვახერხებთ ძლიერი მეტოქეების დამარცხებას. ეს რევაზ ჩომახიძის დამსახურებაა.  

დინამო თბილისის და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე

popsport: ქართული წყალბურთი ვითარდება, რაზეც ბოლო შედეგები მეტყველებს: ნაკრების სარეკორდო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე და დინამოს პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე. რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი? 

ბითაძე: ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ და ყველა ხედავს, რომ ქართულ წყალბურთს დიდი პოტენციალი აქვს. ტრადიციებზე აღარაფერს ვამბობ. დასანანია, რომ თბილისში მარტო ერთი საერთაშორისო სტანდარტის აუზია. როდესაც ამის შესახებ იტალიელებს ვუთხარი, ვერ დაიჯერეს. იტალიასა და იმავე უნგრეთში თითო უბანში რამდენიმე აუზია. უკვირთ, როგორ შეიძლება ასეთ დონეზე თამაში, როდესაც ქვეყნის დედაქალაქში მხოლოდ ერთი აუზია. ამ დროს, ჩვენმა 15-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე ხორვატებს მოუგეს და საუკეთესო 6 გუნდში მოხვდნენ. ამ ფონზე, არარეალური შედეგია. ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, ძალიან მაღალი ტემპით განვითარდება ქართული წყალბურთი და შედეგებიც გაცილებით უკეთესი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები